რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი უკრაინაში დამზღვევი ძალების გაგზავნის შესახებ საფრანგეთის განცხადებებს აკრიტიკებს და წერს, რომ “უტვინო გალური მამალი “უკრაინაში” ჯარისკაცების გაგზავნის იდეას ვერ ეშვება”.
მედვედევი წერს, რომ რუსეთი უკრაინაში NATO-ს ჯარების სამშვიდობოებად განთავსებას არ დათანხმება.
ამის შესახებ მედვედევი X-ზე წერს.
“უტვინო გალური მამალი “უკრაინაში” ჯარისკაცების გაგზავნის იდეას ვერ ეშვება. მკაფიოდ ითქვა: სამშვიდობოებად არავითარი NATO-ს ჯარები. რუსეთი ასეთ “უსაფრთხოების გარანტიას” არ დათანხმდება.
თუმცა ხრინწიანი, საცოდავი ფრინველი აგრძელებს ყივილს, რათა დაამტკიცოს, რომ საქათმის მეფეა”. – წერს მედვედევი.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განთავსებაზე გაერთიანებული სამეფოს განცხადებები გააკრიტიკა და თქვა, რომ რუსეთისთვის ნებისმიერი სცენარი, რომელიც უკრაინაში NATO-ს ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო კონტინგენტის განთავსებას ითვალისწინებს, “კატეგორიულად მიუღებელია”.
ცნობისთვის, 17 აგვისტოს, უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, რომლებიც კოალიციის თანათავმჯდომარეები არიან, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადების მიხედვით, კოალიციის წევრი სახელმწიფოების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინაში “დამზღვევი ძალის” გაგზავნასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
გუშინ, 19 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების განლაგების შესაძლებლობა გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-მ შესაძლოა უკრაინაში ევროპულ ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს.