პოლონეთში აფეთქებული დრონი რუსულია, რუსეთი კვლავ ახდენს ნატო-ს ქვეყნების პროვოცირებას. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
“რუსეთი კვლავ ახდენს ნატო-ს ქვეყნების პროვოცირებას. რუმინეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში მომხდარი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს საქმე რუსულ დრონთან.
ეს განსაკუთრებული მომენტია, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმ მომენტში, როდესაც იმედი არსებობს, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი, უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი, ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვისაც საფრთხის შემცველი ომი შეიძლება დასრულდეს, რუსეთი კვლავ ახდენს პროვოცირებას”, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი აღნიშნულ საკითხზე ყველა მოკავშირეს აწვდის ინფორმაციას.
ცნობისთვის, რუსული დრონი 20 აგვისტოს პოლონეთის ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსინიში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით, ხოლო ბელარუსთან საზღვრიდან დაახლოებით 90 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
