ემზადება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად და ქმნის თუ არა ახალ პარტიას? “პირველების” ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მის წინააღმდეგ კობახიძის გუნდი გამოძიებას დაიწყებს.
წყარო “ტვ პირველს” უყვება, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემობრუნების საკითხის შესახებ ინფორმაცია ბიძნა ივანიშვილამდეც კი მივიდა.
ამის შესახებ დღეს “პირველებმა” ბახმაროში მყოფ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა. “ოცნების” პრემიერი ამბობს, რომ ამის შესახებ “არ იცის”.
„სიმართლე გითხრათ, არ მგონია. მაგრამ სხვის მაგივრად როგორ გითხრათ, ვინ რა შეიძლება, დააპიროს. მე არ მგონია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რაც არის ჩვენი მიზანი – 64/64, პირველი ტური თბილისში და მინიმუმ, 38 დეპუტატი თბილისის საკრებულოში”.
“ტვ პირველის” ჟურნალისტმა დღეს “ოცნების” პრემიერს ასევე ჰკითხა, იგეგმება თუ არა მისი წინამორბედის დაკავება. კობახიძის პასუხი კი კითხვაზე ასეთი იყო:
დავასრულოთ სპეკულაციური კითხვები. დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა””, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძეს “პირველებმა” ასევე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან.
„კი, კი არაერთხელ მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მას შემდეგ, რაც მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. თუ არ ვცდები, ერთხელ თუ ორჯერ მქონდა კომუნიკაცია რაღაც თემებზე”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ იყო ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქის მერის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე.
„მან [ღარიბაშვილმა] თქვა, რომ პოლიტიკიდან გავიდა და რატომ უნდა მოსულიყო კალაძის წარდგენაზე?
[არჩილ თალაკვაძე] მოვიდა, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი და როგორც პოლიტიკოსი.
ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გავიდა პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოსვლას ცალკე სპეკულაციას მოაყოლებდით და არ გვინდა ეს სპეკულაციები”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.