ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მიცემის, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე

დღევანდელ ევროპულ საბჭოზე, რომელიც საბჭოს პრეზიდენტმა მოიწვია, განვიხილავთ უკრაინისთვის მშვიდობის დამყარების მცდელობებში მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე.
„ჩვენი მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ვირტუალურ სამიტს მართავენ, რომლის მიზანი ვაშინგტონში გუშინდელი მოლაპარაკებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ 27-ვე ქვეყნის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.