ირაკლი კობახიძე – დიდი იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში

დიდი იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში – 2030 წლისთვის მზად ვიქნებით თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა, მ ბახმაროში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციები შემაშფოთებელია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს განსხვავებული ვითარებაა, გამომდინარე ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან. დიდი იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში.
იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ, 2030 წლისთვის მზად ვიქნებით თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები შემაშფოთებელია, ადამიანის უფლების, დემოკრატიის კუთხით, ყველა მიმართულებით უკუსვლაა ევროკავშირის მასშტაბით. იმედი გვაქვს, ვიდრე ჩვენ 2030 წელს მზად ვიქნებით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, არ შეიძლება ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი.
„ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის ასოცირება. მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის. არ შეიძლება, ქართველი ხალხის აღქმაში ასეთ რაღაცებთან ასოცირდებოდეს ევროკავშირში“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ უდასტურებენ მზადყოფნას, გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, „თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ მხარეს“.
მისივე თქმით, სიმართლე არის საქართველოს მხარეს.
„ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვხურავთ არც ერთ საკითხს, მაგრამ გვინდა ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ დღემდე, ევროპული ბიუროკრატია თავს არიდებს ამგვარ ჯანსაღ დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ვინაიდან, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად ჯანსაღი კანონები, გადავდგით აბსოლუტურად ჯანსაღი ნაბიჯები, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ სამართლის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ გარედან შეცვალონ ხელისუფლება, მოვიწყონ რევოლუციები, ჩაერიონ ჩვენს არჩევნებში. ასე გაგრძელდება მოვლენების განვითარება, რა თქმა უნდა. ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი დისკუსიისთვის, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროდ“, – განაცხადა პრემიერმა.