უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ შინაარსზე უსაფრთხოების გარანტიებისა, რომლებიც უკრაინას მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა მისცენ.
„გუშინ ვაშინგტონში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასრულებისა და უკრაინისა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის ცნობით, კოორდინაცია ლიდერების დონეზე დღეს და ხვალაც გაგრძელდება და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მუდმივ კონტაქტზე არიან. „უსაფრთხოების გარანტიები იქნება“, – დაწერა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს. „უკრაინა გრძნობს ამ ძალას“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისათვის იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დროს.
“ჩვენ მათ ძალიან კარგ დაცვას, ძალიან კარგ უსაფრთხოებას მივცემთ“, – განაცხადა შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა.
უსაფრთხოების ეს პირობები შეიძლება წარმოადგენდეს კომპრომისს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დაცვას ნატოში გაწევრიანების გარეშე. მანამდე ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა თქვა, რომ განიხილებოდა ნატოს „მე-5 მუხლის მსგავსი დაცვა“.
ფორუმი
