მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს, „დიფ სთეითი“ და ევრობიუროკრატია, რეალურად, სულ სხვა მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უწესებს საქართველოს – მოთხოვნებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, სრულიად მიუღებელია და შეუთავსებელია ქართულ იდენტობასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „სამწუხაროდ, ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი აქვს“.
„ერთი მხრივ, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია, მათ შორის მათი ადგილობრივი წარმომადგენლები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ლამის ქვეყნის დაქცევაზე საუბრობენ, ყველაფერს აკეთებენ მმართველი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტისთვის. მეორე მხრივ კი, მყარ, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებული „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში“ თვალსაჩინოდ ჩანს ის წინსვლა, რასაც საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაერთ წევრ ქვეყანას. როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, რაც სრული აბსურდია, ამას დღეს ჩემს მიერ წარმოდგენილი, კომისიის დაკვეთით გამოქვეყნებული ანგარიშიც ადასტურებს.
საზოგადოებას ახსოვს, როგორ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, შემდეგ კი გამოაქვეყნეს შეფასების ანგარიში, სადაც ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ქულათა სისტემით საქართველო მოწინავე იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა მაგალითად, სტატუს მინიჭებულ მოლდოვას და ბოსნიას. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ და როგორც ჩანს ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს, „დიფ სთეითი“ და ევრობიუროკრატია, რეალურად, სულ სხვა მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უწესებს საქართველოს – მოთხოვნებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, სრულიად მიუღებელია და შეუთავსებელია ქართულ იდენტობასთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ – როდესაც ევროკომისიაში უსამართლო პოლიტიკური ინტერესი იკვეთება, იქ საქართველოს თავს ესხმიან და ამით თავიანთ ადგილობრივ აგენტურასაც ასაზრდოებენ, ხოლო სადაც ობიექტურ მონაცემებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მსჯელობენ – უწევთ აღიარება, რომ საქართველო მოწინავეა მთელს რეგიონში და მისი პროგრესი როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური მიმართულებით შთამბეჭდავია. ჩვენც სწორედ ასე, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესით ვიმოქმედებთ მომავალში“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი განმარტებით, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ „თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზოგიერთს საქართველო იმისთვის სჭირდება, რომ „პაიკად“ გამოიყენოს.
„საქართველო ვიღაცას „პაიკად“ სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველო 10-ჯერ უფრო პატარაა იმ ქვეყანაზე, რომელიც საქართველოსგან განსხვავებით, წარმატებით გამოიყენეს „პაიკად“. გუშინწინდელი შეხვედრიდანაც ეს კარგად ჩანდა. ჩვენ ვხედავთ გლობალურ ინტერესებს, ვხედავთ „დიფ სთეითს“, მის მიერ მართულ აგენტურას და მათ ინტერესებს. საქართველოში არიან ადამიანები და პოლიტიკოსები, ვინც ეროვნულ ინტერესებზე ფიქრობენ და ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოს და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“,-განაცხადა მდინარაძემ.
