„ეს პრინციპის და პრესტიჟის პროექტია“ – როდის იგეგმება Gino Grand Hotel Melikishvili-ს გახსნა?- bm.ge

Gino Grand Hotel Melikishvili-ს გახსნა კიდევ ერთხელ გადავადდა და როგორც პროექტის ინვესტორი აცხადებს, სასტუმროს ამოქმედება სატესტო რეჟიმში ამჯერად მიმდინარე წლის ოქტომბრიდან იგეგმება.
ქართულ-სლოვაკური „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისში კიდევ ერთი სასტუმროს პროექტს დედაქალაქის ცენტრში მელიქიშვილის ქუჩაზე ახორციელებს, რომლის გახსნა წელს მეორე კვარტალში იგეგმებოდა. ჰოლდინგის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნოდარ გიორგაძე გადაცემა #რედაქტ2-ში ამბობს, რომ სასტუმროს მშენებლობისას გარკვეული სირთულეები წარმოიშვა, რამაც შესრულების ვადები გაახანგრძლივა.
„მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ჯინო ჰოლდინგის“ კიდევ ერთი ძალიან ლამაზი საამაყო პროექტია, რომელსაც ძალიან ბევრმა კომპანიამ მოჰკიდა ხელი და თავი ვერ მოაბა, თავისი ადგილმდებარეობის გამო. ჩვენ ამ პროექტს გავუმკლავდით, მაგრამ ამან ძალიან გამიზარდა ხარჯი. 25 მლნ ევროს ინვესტიცია ჩავდე. 67-ნომრიანი სასტუმროს პროექტი პრინციპისა და პრესტიჟის საკითხია, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს სასტუმრო ქალაქის საუკეთესო ნაწილში მდებარეობს, ამიტომ ძალიან რუდუნებით შენდება. მაგალითისთვის, ტრავერტინის ქვა უნდა გაგვეკრა, თუმცა ამ ადგილისთვის ეს არ იქნებოდა სწორი და ამიტომ შევცვალეთ და ვინტილირებადი ტრავერტინის ქვა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც უფრო ძვირი ჯდება და დროც უფრო მეტი უნდა, მაგრამ უმაღლესი ხარისხია, შენობასაც კარგად ინახავს და უსაფრთხოების ნორმებიც სრულად დაცულია. როგორც იუველირი ქმნის თავის გამორჩეულ ალმასს, ასე ნელ-ნელა ვულამაზებთ ამ ალმასს ყველა კუთხეს. ამ პროექტის დასრულება ივნისში მინდოდა, მაგრამ ვერ ვასწრებთ. ვვარაუდობთ, რომ შენობის მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება და დაახლოებით ოქტომბერში სატესტო რეჟიმში დავიწყებთ ოპერირებას, რომ ახალი წლისთვის სრულად გავხსნათ“, – განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
ქართულ-სლოვაკური სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტის ნოდარ გიორგაძის ინფორმაციითვე, ბოლო 10 წელიწადში ჯგუფმა საქართველოში €110 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
„ჯინო ჰოლდინგის“ მიერ უკვე განხორციელებული მსხვილი პროექტებია:
1. აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ – ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ ევრო;
2. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე – ინვესტიციის მოცულობა 4,5 მლნ. ევრო;
3. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ მცხეთაში – ინვესტიციის მოცულობა 2,5 მლნ. ევრო;
4. 5-ვარსკვლავიანი, სასტუმრო „ჯინო სისაიდ თბილისი“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე („ვინდჰემთან“ პარტნიორობით – ინვესტიციის) მოცულობა 21 მლნ. ევრო.
bm.ge