ღაზის სექტორი ჯანდაცვის ოფიციალური პირებისა და ადგილობრივი ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, 7 იანვარს, რაფაჰის მახლობლად, ღაზის სამხრეთში, მათ მანქანაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ორი პალესტინელი ჟურნალისტი, რომლებიც ვითარების გასაშუქებლად იყვნენ არეალში.
Reuters-ის თანახმად, ჰამზა ალ-დაჰდუ და მუსტაფა თურაია შტატგარეშე ჟურნალისტები იყვნენ. ალ-დაჰდუ “ალ ჯაზირასთვის” მუშაობდა, იგი ღაზაში კატარის ტელეკომპანიის მთავარი კორესპონდენტის, ვაელ ალ-დაჰდუს ვაჟი იყო. მესამე შტატგარეშე კორესპონდენტი ჰაზემ რაჯაბი, დაშავდა.
ვაელ ალ-დაჰდუმ კონფლიქტის დაწყების პირველ ხზანებში ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად დაკარგა ცოლი და სხვა ორი შვილი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმის შესახებ კომენტარის მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხეს.
საერთაშორისო დამკვირვებელმა, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” (CPJ), განაცხადა, რომ 6 იანვრის მდგომარეობით, დაიღუპა 77 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი – 70 პალესტინელი, ოთხი ისრაელელი და სამი ლიბანელი.
ღაზის დე იურე ხელისუფლების პრეს-სამსახურმა, რომელსაც ჰამასი მართავს, განაცხადა, რომ ჟურნალისტთა დაღუპვის ამ ორმა ახალმა შემთხვევამ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი 109-მდე გაზარდა.
კონფლიქტის გაშუქებისას დაღუპულ ჟურნალისტთა შორის იყო Reuters-ის ჟურნალისტი, ისამ აბდალა, რომელიც ლიბანის მოქალაქე იყო. Reuters-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი 13 ოქტომბერს, ლიბანში საზღვრისპირა დაბომბვის გადაღებისას, ისრაელის სატანკო ეკიპაჟის მიერ იქნა მოკლული.