ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანია „ასკანელში“ აცხადებენ, რომ დაგეგმილი ჩასაბარებელი ყურძნის მოცულობებს 30-40%-ით შეამცირებენ. მიზეზი „რთველი 2025“-ის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სხვა ჯიშის, მათ შორის რქაწითლის ყურძენზე დადგენილი ფასია, რომელიც წელს გაიზარდა და კონდიცირებული ყურძნის ჩაბარების მინიმალურ ღირებულებად 1.20 ლარი დაწესდა.
„ეს პროდუქტს გაგვიძვირებს, შესაბამისად რეალიზაცია დაეცემა, რაც ღვინის კომპანიებისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხია. საბოლოო ჯამში ალბათ შეგვიმცირდება ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა და დარჩენილი ყურძნის ჩაბარება და მიღება სახელმწიფოს მოუწევს“, – განაცხადა ირაკლი უგლავამ და განმარტა, რომ ფასის დადგენით ყურძენი გაუძვირდებათ. ის ჩასაბარებელი ყურძნის მოცულობებსაც ასახელებს.
„ყურძნის ფასის განსაზღვრა გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად ფასი დაადგინა და ნედლეული დაახლოებით 50%-ით გაგვიძვირა, რაც თვითონ სახელმწიფოს როგორ შემოუბრუნდება გრძელვადიან პერსპექტივაში – ვერ გეტყვით.
ამასთან, ვფიქრობ, წელს რა რაოდენობის ყურძნის ჩაბარებასაც ვაპირებდით, ამის კორექტირება მოგვიწევს. გაცილებით ნაკლებს ჩავიბარებთ. ჩვენი ვენახებიდან დაახლოებით 1 500 ტონა ყურძენს ვიღებთ, 90%-ზე მეტი კი ფერმერებიდან მიღებული ყურძენია. ჩასაბარებელი ყურძნის მოცულობა ალბათ 30-40%-ით შემცირდება და ჯამურად დაახლოებით, 16 000 ტონა ყურძენს მივიღებთ. მიმდინარე კონტრაქტები გვაქვს შესასრულებელი და მიწოდებას ვერ შევუწყვიტავთ, მაგრამ ფასის კორექტირება გვექნება“, – აღნიშნა ირაკლი უგლავამ.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირებიდან ეტაპობრივი გამოსვლის ფარგლებში, უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებას ელოდნენ.
„ასკანელის“ გაყიდვების 93% ექსპორტია და ამ დროს ლარი მყარდება, ჩვენ გაყიდული პროდუქტიდან ნაკლებ ლარს ვიღებთ, ხარჯები გვეზრდება – რთველის, კომუნალურები, შრომითი ანაზღაურება… შესაბამისად, ალკოჰოლური ბიზნესისთვის ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ან ერთი უნდა გაეკეთებინათ ან მეორე… სუბსიდირებიდან გამოსვლისთვის გარკვეულწილად ვემზადებოდით და შეგუებულები ვიყავით, ჩვენი პარტნიორებიც შეგუებული გვყავდა, რომ წელს სუბსიდირება აღარ იქნებოდა და მომავალი წლიდან ფასები გაძვირდებოდა, ახლა კიდევ დამატებით გაძვირება მოგვიწევს“, – განმარტა „ასკანელის“ დირექტორმა.
