“რა დაემართება ქვეყანას? რა დაემართება წინააღმდეგობას? და ბოლოს, რა დაემართება რეჟიმს?” – ზურაბ ჯაფარიძე

ისევ იმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ ტელევიზორის ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი, პლუს ადვოკატები თუ მომიყვებიან დამატებით რა ხდება სოც.ქსელებში. ამიტომ, თავს ვერ დავდებ, რომ სურათს სრულად ვხედავ, თუმცა ტენდენციებს მგონია, რომ სწორად ვითვლი.
აქ უცნაური ადგილია მაგ მხრივ – ყველაფერი ის, რაც არ მომწონდა აქეთ მხარეს როცა გარეთ ვიყავი, აქედან ათმაგად ცხადად ჩანს და წყობიდან გამოვყავარ, თუმცა, ამავე დროს, ბევრ ისეთს ხედავ, რასაც გარეთ დიდ ყურადღებას არ ანიჭებდი და ჯამში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, აქ უფრო ოპტიმისტურად ხარ. ნუ მე ეგრე ვარ.
ტენდენციებს დავუბრუნდები და მოვყვები რას ველოდები. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ყველაფერი. მე არ ვიცი ზუსტად როდის ჩამოიშლება ეს ბოროტი ცირკი, უბრალოდ მოვყვები ჩემი აზრით საით მიდის პროცესი.
რა დაემართება ქვეყანას:
შენგენთან უვიზო მიმოსვლას (ევროკავშირთან უვიზოს რასაც ვეძახით) დავკარგავთ. ტყუილი ილუზიები არ უნდა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით.
რასაც ახლა აკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არის ის, რაც ჩვენ ვთხოვეთ (არ ვიცი ამაზე რატომ არავინ საუბრობს აქეთ მხრიდან). როდესაც ამ თემაზე დაიწყო სერიოზულად საუბარი ევროპელების მხრიდან, ჩვენი თხოვნა იყო, რომ ერთბაშად არ გაეუქმებინათ, ჯერ დაეყენებინათ პირობები და მოეცათ ვადა, შემდეგ აემოქმედებინათ შეჩერების (და არა გაუქმების) მექანიზმი და კიდევ მოეცათ ვადა, და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება უვიზოს გაუქმებაზე. მე რასაც ვუყურებ, ამ სცენარით მიდიან, ოღონდ პირობები დააყენეს ცოტა არაადექვატური არსებული რეალობისთვის.
მაღალი ალბათობით, ასევე დავკარგავთ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან, თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელია (არ ვიცი), შეაჩერებენ ასოცირების შეთანხმებასაც.
საქართველოში ფულს აღარ ჩადებს არავინ. ინვესტიციები ისედაც აღარ შემოდის და ეს ტენდენცია გაგრძელდება. სულ უფრო ნაკლები ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში (რატომ უნდა ჩადოს მსოფლიო ბანკმა ან EBRD-მა ან ნებისმიერმა სხვამ ფული ქვეყანაში, რომელიც სწრაფი ტემპით ყალიბდება ჩიხად?) სულ უფრო გართულდება გარეთ ვალის აღება და ის, რის აღებასაც მოახერხებს რეჟიმი, იქნება სულ უფრო ძვირი ფული. ეს ყველაფერი უკვე ჩანს, თუმცა თუ ჯერჯერობით რეჟიმი ახერხებს ამ პრობლემების კომპენსირებას სხვადასხვა გზებით, მალე ვეღარ შეძლებს. შედეგი იქნება ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, რასაც ყველა იგრძნობს.
ის, რომ ჩინეთიდან, არაბეთიდან ან კიდევ საიდანმე “მოიტანენ” ფულს – ზღაპარია. რატომ უნდა ჩადონ ან ჩინელებმა, ან არაბებმა, ან ვინც გინდა იმან ფული ჩიხში? ამ ქვეყნის მიმზიდველობის მთავარი ატრიბუტი ის იყო, რომ აქედან უკავშირდები დასავლეთს, რომელთანაც მათ შორის, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. როცა ეს ქვეყანა სრულად იზოლირებულია დასავლეთისგან, დე-ფაქტო მმართველი დასანქცირებულია -ს მიერ და მაღალი ალბათობით, სხვა ქვეყნის სანქციებიც მოხვდება, ხოლო ფორმალურ უმაღლეს თანამდებობის პირებს ისევ &ლეებად თვლიან, რადაგნ ხელს არ ართმევს არავინ ს ღია სატელიტების გარდა, აქ ფულს რატომ ჩადებენ? ახლა მითუმეტეს, ზანგეზურზე სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ.
მაქსიმალურად ცივი გონებით ვცდილობ შევხედო ამ მოცემულობას და ვერ ვხვდები, ამ სპირალიდან როგორ შეიძლება ამოძვრენა. ტრაკში არიან, ჩემი აზრით.
რა დაემართება წინააღმდეგობას?
იმ ხალხსაც კი, ვინც შარშან ნოემბერ-დეკემბერში მიმტკიცებდა, “ნუ რამდენ ხანს გაგრძელდება? დაიღლებიან და წავლენ სახლში”-ს, აღარ სჯერათ რომ წინააღმდეგობა შეწყდება სანამ ეს რეჟიმი ხელისუფლებაშია.
მე არ ვიცი რა სახეს და ფორმებს მიიღებს ეს ბრძოლა. ალბათ არც არავინ იცის, რადგან ყოველი ასეთი დაპირისპირება ბოროტებასთან უნიკალურია ბევრი თვალსაზრისით. მაგრამ ვიცი, რომ ბრაზი რომელიც ადამიანებშია, არსად წასულა და არსად წავა, კავშირები, კონტაქტები, მეგობრობები, რომლებიც ჩამოყალიბდა ბოლო თვეებში, არსად გაქრება, განცდა, რომ ყველა ერთ ნავში ვართ და ამ ნავის გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ გაძლიერდება.
ასევე ჩანს, რომ რეჟიმის პროპაგანდა აღარ მუშაობს და იმედი-პოსტივის ბაბლს მიღმა. თან უკვე კაი ხანია, მეტიც, ამჟამინდელი პროპაგანდა აღარც არის გათვლილი იმაზე, რომ ქოცური ბაბლის მიღმა ვინმე რამეში დაარწმუნოს. ამ პროპაგანდის მიზანი მხოლოდ არსებული ბაბლის შენარჩუნებაა. რაც მთავარია, 4 წლინმა პროპაგანდამ და ამ საქმეში ასობით მილიონის დახარჯვამ ვერ დააჯერა უმრავლესობა, რომ გროზნო სჯობს ჰაიდელბერგს.
მე მგონია, რომ ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ იმას, თუ რას ნიშნავს, რომ ასამდე ადამიანი დაიჭირეს, დააშინეს, ათას რამეს დაპირდნენ, მრავალი წლით ციხეში უშვებენ, და არც ერთი (არცერთი!) არ გატყდა. მე ზოგადად მჯერა, რომ ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა ცალკეული ადამიანების მხრიდან ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმაა.
ნებისმიერ ფასად, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა დააჯეროს რეჟიმმა ვინმე, რომ ეს წინააღმდეგობა გარედანაა დაფინანსებული, როდესაც 19-20 წლის ბიჭები ჯიუტად იცავენ საკუთარ სიმართლეს, უარს ამბობენ ე.წ შეწყალებაზე და რამდენიმე წლით მიდიან ციხეში?
ან მზია ამაღლობელმა რაც გააკეთა, ადამიანების 99% ისე კვდება, რომ ეგეთ რამეს, ეგეთ ქცევას ასეთ რეალობაში, მარტო ფილმში თუ ნახავს ან წიგნში თუ წაიკითხავს. ჩვენ ლაივში ვუყურეთ, დაკავებიდან მისჯამდე, თავიდან ბოლომდე. არავინ ელის რომ ცხოვრებაში მოუწევს ასეთ უსამართლობასთან პირისპირ შეჯახებადა, შემდეგ, თვეების განმავლობაში ინკვიზიციის წინაშე საჯაროდ დგომა. არავინ იცის, როგორ მოიქცევა ასეთ დროს წინასწარ. და ჩვენ ვუყურეთ ადამიანს, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სანამ იძულებით ჰყავდათ სცენაზე გამოყვანილი, გიჩენდა განცდას, რომ შეგიძლია გაჩერდე, დაისვენო, ცოტა ხანი მშვიდად იყო, იმიტომ, რომ ის იბრძის, იბრძვის შენს ნაცვლად და ყველას ნაცვლადაც. და შენ, რაც არ უნდა გააკეთო, მხოლოდ უმნიშვნელო ფაფხური იქნება იმასთან შედარებით, რასაც ეს ადამიანი აკეთბს.
ასეთი რეჟიმები მნიშვნელოვანწილად დგას იმაზე, რომ უნდა გატეხოს წინააღმდეგობა, უნდა გატეხოს კონკრეტული ადამიანები, და ეს უნდა ანახოს ყველას, რომ არავინ გაბედოს წინააღმდეგობის გაწევა. როცა რეჟიმი ამას ვერ ახერხებს, ამას აქვს პირიქით შედეგი – ადამიანებში ჩნდება და ძლიერდება რწმენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და რომ რეჟიმი დამარცხებადია.
მე მგონია, რომ ეს რწმენა უკვე ძლიერდება და ეს პირველ რიგში პოლიტპატიმრების დამსახურებაა.
და ბოლოს, რა დაემართება რეჟიმს?
იზოლაცია გაგრძელდება. არცერთი თავმოყვარე ქვეყნის ლიდერი ამათთან საქმეს არ დაიჭერს. პოლიტიკური იზოლაცია სულ უფრო მეტად გადავა ეკონომიკურ იზოლაციაში. ამათ მოუწევთ ისევ მათხოვრებივით ყველა უცნაურ საერთაშორისო ფორუმებზე სიარული და იქ უცანურ ხალხთან ფოტოების გადაღება, რომ აჩვენონ თავიანთ ბაბლს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და სულ არ თვლიან &ლეებად სამყაროს ცივილიზებულ ნაწილში.
სანქციების რაოდენობაც მოიმატებს მაღალი ალბათობით. აწი სულ რომ ანგელოზებივით მოიქცნენ, ისეთები აქვთ ნაკეთები, რომ ჯერ ყველას არ მიუღია საკადრისი პასუხი. წინ წამოვლენ სულ უფრო უწიგნური, უტვინო და უსინდისო პერსონაჟები. არავინ ნორმალური, ვისაც აზროვნება და სინდისი შერჩენია, ამ რეჟიმს აღარ გაეკარება. ეს უკვე ჩანს. ისედაც ხომ საშუალო გაქანების, მშიშარა, დაკომპლექსებულ სირებს ჩააბარეს ყველაფერი, რომელთაც ცხოვრებაში არასოდეს არაფრისთვის უბრძოლიათ, რადგან ამის ადგილი არ ჰქონდათ. მაგრამ ახლა რა ხალხშიც გამოდგეს და ბრიფინგებს ატარებინებენ, მაინც სხვა სიმაღლეა, მარტო მესიჯბოქსის წაკითხვა და გამეორება შეუძლიათ. საბჭოთა კალკულატორივით არიან პროცესორის ამბავში. ამ ხალხს ამ ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო გაურთულდება. კი, სახლები, აგარაკები და მანქანები ექნებათ, მაგრამ ქუჩაში გავლა უკვე პრობლემაა მათთვის. რამდენიც არ უნდა აჯარიმონ მონის დაძახებისთვის ხალხი, დისკომფორტს ვერ გაექცევიან და ვერ დაემალებიან, ვერც თვითონ და ვერც მათი ოჯახის წევრები. ეს იციან. ამიტომ დადიან 7-8 კაციანი დაცვებით. რეჟიმი გახდება სულ უფრო იზოლირებული ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან და ამას ვერ დააკომპენსირებს გამგებლების კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან. მეტიც, ის გახდება გაცილებით პარანოიდული. ჟანრის კანონია. ამის ნიშნებიც ჩანს უკვე. შინაურების და ყოფილი შინაურების ჭამა გაგრძელდება და უფრო ინტენსიურიც გახდება. მანდ დაიწყებს რეჟიმი ნაკერებზე რღვევას. ამ სისტემის შენახვა დროთა განმავლობაში დაჯდება სულ უფრო ძვირი. ესეც გარდაუვალია. ეს ფული საიდანღაც უნდა მოიტანონ. მე მგონია, რომ გაუჭირდებათ. ჯერჯერობით რომ ახერხებენ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რაღაც ბალიში ჰქონდათ და/ან გარემოებებმა შეუწყო ხელი. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. რეჟიმის შენახვა არ არის იაფი საქმე ზოგადად. საქართველოსნაირი ქვეყნის გარუსება კი ძალიან ძვირი საქმეა. უბრალოდ ისტორია უნდა იცოდე.
ესაა რასაც მე ველოდები. რაღაცებში შეიძლება ავცდე, რაღაცები შეიძლება განსხვავებულად მოხდეს, მაგრამ ჯამში ტენდენციები ასეთი იქნება. სადამდე მივალთ მანამ, სანამ ბიძინა გაიქცევა (მაქეთ მიჰყავს თვითონ) არ ვიცი, მაგრამ სადღაც რომ გავწყვეტთ და დავუბრუნდებით ნორმალურობას მაგაში ეჭვი არასოდეს შემპარვია.
არ გარუსდება ეს ქვეყანა!