მწერალი როსტომ ჩხეიძე:
გისოსებს მიღმა
(წარწერად ფოტოსურათზე)
ეს ხშირია:
მწერალი რომ აცდენილია თავის შემოქმედებას.
განსხვავებულად ან სრულიად საპირისპიროდ ცხოვრობს და იქცევა იმისა, რასაც:
გიქადაგებს, გარწმუნებს, განგაწყობს, აღტაცებასაც გგვრის.
ეს კი გამონაკლისი:
მწერალი რომ სავსებით შეეფერება თავის ნამოღვაწარს და:
რასაც გიქადაგებს, გარწმუნებს, განგაწყობს, აღტაცებასაც გგვრის, –
ცხოვრების წესითაც ამასვე გიდასტურებს.
ზვიად რატიანი როგორც წარმოდგება:
ერთნაირად – ნაწერითაც და მოქალაქეობითაც.
„ოცნების“ ხელისუფლება უკვე რამდენი წელია მონდომებით უქმნის ბიოგრაფიას, სურთ, რაც შეიძლება გამოკვეთილი იყოს, როგორც რეპრესირებული პოეტი.
როგორ არ გამახსენდეს ის ეპიზოდი ლიტერატურული ცხოვრების მდინარებიდან:
როდესაც ჰენრი დევიდ ტორო გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, რალფ უოლდო ემერსონი მოინახულებდა და გაკვირვებით ჰკითხავდა:
– მანდ რა გინდა, ჰენრი?
და პასუხად:
– შენც ჩემს გვერდით რატომ არა ხარ, ამ პირობებში პატიოსანი კაცის ადგილი ციხეში უფროა!..
და ზვიადს რომ ვკითხო:
მანდ რა გინდა-მეთქი?
პასუხად არას მეტყვის, გაიღიმებს მხოლოდ, ოღონდ თუ რას გაიფიქრებს, მე კი ვიცი.
და თქვენც – ჩემზე არანაკლებად…