მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 15 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე – გამოძიება მას მძიმე ნარკოდანაშაულს ედავებოდა. აბრამოვი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს, ბიოლოგიური მასალა კი მასზე დასატანად, იძულებით აუღეს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებამდე განმარტა, როგორ მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ საქმეზე.
მან თქვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ეჭვის საფუძველს არ ტოვებს და მაღალ სტანდარტს შეესაბამება. მან მოკლედ მიმოიხილა საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულებები:
“თეოდორე აბრამოვის პირადი ჩხრეკის შედეგად ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა წებოვანი ლენტით შეკრული ნივთიერება, რაც ექსპერტიზის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა, ბიოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით კი ქაღალდისა და წებოვანი ლენტის ფრაგმენტებით არსებული ბიოლოგიური მასალის კვლევით აჩვენა, რომ ის ეკუთვნის მამრობითი სქესის, სულ მცირე, ორ პირს.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გარკვეული მტკიცებულებები – მათ შორის ექსპერტიზა, რომელმაც აჩვენა, რომ წებოვანი ლენტის და ქაღალდების ფრაგმენტებზე გაკეთებული ანაწმენდები შეიცავს ადამიანის ნერწყვს.
მოცემულ საქმეში წარმოდგენილია პოლიციელთა ჩვენებები – სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და არ შეიძლება მათი ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე, თუმცა ასევე განმარტავს, რომ სამართალდამცველების ჩვენებების არგაზიარება უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად მათი სანდოობის მიხედვით”, – თქვა მოსამართლემ და იქვე განმარტა, რომ მას არ აქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ამ საქმეში მოწმედ წარმოდგენილი პოლიციელების ჩვენებების სანდოობაში.
თამარ მჭედლიშვილის მსჯელობის მიხედვით, მთავარი მიზეზი, რის გამოც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, საქმეში საგამოძიებო მოქმედებების, ჩხრეკისა და დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არარსებობაა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები ამას რესურსების ნაკლებობით ხსნიდნენ და ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო აბრამოვის დაკავებისას ვიდეოგადაღება, მოსამართლემ მკაფიოდ თქვა, რომ სამართალდამცველებმა არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად და მკაფიოდ უნდა განმარტონ, რა უშლით ხელს ნეიტრალური და სანდო მტკიცებულებების მოპოვებაში, თუკი ასეთი რამ ხდება.
“სამართალდამცველები ვალდებული იყვნენ უზრუნველეყოთ საგამოძიებო მოქმედებების გადაღება”, – თქვა მან.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ასევე განიხილავს ნარკოდანაშაულში ბრალდებული და პოლიტპატიმრად მიჩნეული ნიკა კაციას საქმეს – საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოკადრები აბრამოვის მსგავსად, არც კაციას საქმეში არ დევს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის აბრამოვი 8 თვე იყო ციხეში, წინასწარ პატიმრობაში. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას მას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა.
თედო აბრამოვი ოჯახით საბერძნეთში ცხოვრობდა – საქართველოში ის პერიოდულად მოხუც ბებიასთან ჩამოდიოდა.
“აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ, რომ ხართ ერთით მეტი, მეც თქვენთან ერთად ვარ”, – თქვა მან სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ.
ფორუმი
