ეკონომიკის სამინისტრო „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას ცილისწამებაში ადანაშაულებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ის, რომ წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი არ მიმდინარეობს, სრული სიცრუეა.
მათი თქმით, საინვესტიციო პირობებით უკვე 6 ყოფილი სანატორიუმია გასხვისებული, რომელთა საინვესტიციო მოცულობა 51 მილიონ ლარს აღემატება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას ქალაქ წყალტუბოში სასტუმროების მშენებლობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია, თითქოს წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს ყოფილი სანატორიუმების პრივატიზაციაზე. სააგენტო მუდმივად ახორციელებს ინფორმაციის გაზიარებას პოტენციურად დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია.
ზემოთ აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების საპირისპიროდ წარმოგიდგენთ, დღეის მდგომარეობით, საინვესტიციო პირობებით გასხვისებულ 6 ყოფილ სანატორიუმს: „მეტალურგი”, „ივერია”, „თბილისი”, „უშიშროება”, „სამგურალი” და „წყალტუბო”, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 51 მილიონ ლარს აღემატება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია “ცივი ტბის” რეაბილიტაცია, ასევე წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და მიმდინარეობს ქალაქის წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. იგეგმება ახალი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. ამასთანავე, ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია და დამტკიცებულია საკრებულოს მიერ 2021 წლის N90 განკარგულებით. ასევე, შემუშავებულია წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის პროექტი. პროექტი დასრულებულია და გადაცემულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის დასამტკიცებლად.
დამატებით გაცნობებთ, რომ სააგენტო აქტიურად განიხილავს წინადადებებს წყალტუბოში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის თაობაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
