გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან.
ბორჯომში მინისტრი სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნობა, ასევე, დაათვალიერებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში დავით სონღულაშვილი ესტუმრება შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმას და შპს „გეო ფლაუერსის“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელ საწარმოს, სადაც მიმდინარე წარმოების პროცესებს გაეცნობა. ორივე საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.
ახალციხეში დავით სონღულაშვილი ეწვევა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას და სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალციხის ოფისს, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნობა და თანამშრომლებს შეხვდება.
მინისტრი ეროვნული სატყეო სააგენტოს რეაბილიტირებული სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებისგან არსებული სამუშაოების შესახებ მოისმენს ინფორმაციას; ადგილზე გაეცნობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობის სარემონტო სამუშაოებს.
დღის ბოლოს, შპს „წიფორა-სამცხე“-ში მინისტრი ყველის წარმოების პროცესს გაეცნობა და ადგილობრივ ყველის მწარმოებლებთან შეხვედრას გამართავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
