დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე და ჩვენს მიერ მოპოვებული იქნება საკმაოდ მყარი და უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება მისი უდანაშაულობა , – ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ბითაძის თქმით, ჩატარებულია ბალისტიკური ექსპერტიზა და ტყვიის მასრა ამოღებულია, თუმცა, თავად იარაღი ამოღებული არ არის.
“კონკრეტულად სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს ეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, საქმეში არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილია ვიდეო მასალა, რომელიც არის, დაახლოებით, 2021-2022 წლის მასალა, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის ამ საქმესთან და თუ რატომ დაუკავშირეს იმ ფაქტს, რომ სანდრო წივწივაძისგან იყო შეძენილი ეს იარაღი და სწორედ ამ იარაღით იყო მოკლული ჯანგველაძე, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.
ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარებულია და მასრა ამოღებულია, თავად იარაღი ამოღებული არ არის, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ კონკრეტულად ეს ის მასრა არის, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს, ამას ნამდვილად გამოვრიცხავ ამ ეტაპისთვის იმიტომ, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
გიორგი ჯოხაძე არ აღიარებს დანაშაულს, რაც არ ჩაუდენია. დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე და ჩვენს მიერ მოპოვებული იქნება საკმაოდ მყარი და უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება მისი უდანაშაულობა”, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
