ჩვენი დღევანდელი შუამდგომლობა იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება , – ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გამოძიება შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
“გამოძიება მიმდინარეობს შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაზე. ძმებ მიქაძეებსა და, აგრეთვე, გიორგი ჯოხაძეს ბრალდების მხარე ედავება შეკვეთითა და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ორგანიზებას, მაგრამ, ამავდროულად, გრძელდება გამოძიება და გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ჩვენი დღევანდელი შუამდგომლობა, რა თქმა უნდა, იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ სამივე საფუძველი არსებობს, რაც აუცილებელია პატიმრობის გამოყენებისთვის და ამას სასამართლო პროცესზე დავამტკიცებთ”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაკავებულების აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
