სირცხვილია, ისჯებოდე ქვეყნის სიყვარულისთვის | თედო აბრამოვის დასკვნითი სიტყვა

თბილისის საქალაქო სასამართლო 15 აგვისტოს, 11:00 საათზე გამოაცხადებს პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვის განაჩენს.
მანამდე აბრამოვმა დასკვნითი სიტყვით მიმართა სასამართლოს. თქვა, რომ დილის 6 საათამდე ვერ დაიძინა იმაზე ფიქრში, თუ რა ხდება სასამართლოში და ქვეყანაში ზოგადად.
აბრამოვის თქმით, აბსურდული ბრალდებით და ნული მტკიცებულებებით, ის თვეების განმავლობაში მოწყვიტეს საყვარელ ადამიანებს და გალიაში გამოკეტეს.
„მომწყვიტეს რეალობას და მომათავსეს ვაკუუმში, როგორც ხედავთ. თუმცა, ამ დიდ მინუსს აქვს დიდი პლიუსი. დავრჩი საკუთარ თავთან, დავრჩი ღმერთთან, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა. ხშირად გავდივარ ისეთ ბრძოლებს, რომლებზედაც მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი. მივიღე ისეთი დიდი გამოცდილება, რომელიც არასოდეს მიმიღია და ისეთი ემოციები, რომელიც არასოდეს განმიცდია. მოკლედ, ჩემი შესაძლებლობები ნამდვილად გაიზარდა.
მოკლედ, ციხეში დრო უბრალოდ არ გადის. ასე, ხელფეხშეკრული, ბორკილებდადებული შეჰყურებ დამყაყებულ, წყეულ ციხის ოთხ კედელს და არ იცი, რა აკეთო. ზიხარ და ფიქრობ… ერთი, რაც გაგაჩნია, არის მოთმინება, რომელიც ხშირად დაკარგვის პირასაა. ერთხელ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა თქვა, მხოლოდ მაშინ შევძლებ გამარჯვებას, როდესაც ემოციებზე მაღლა გონება იქნებაო, ანუ გონება იქნება ემოციებზე ძლიერი…“, — განაცხადა აბრამოვმა.
მისი თქმით, არ აქვს ბრაზი ან ზიზღი ვინმეს მიმართ იმ საშინელებისთვის, რასაც გაიარა.
„უბრალოდ საშინელებაა ეს ყველაფერი და ერთს ვითხოვ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს. მომეცეს საშუალება, დავბრუნდე ჩემს ოჯახში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან, ჩემს ბებიასთან…
რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ ვიზრდებოდი ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შემაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა; ჩემს სიტუაციაში ისჯებოდე იმის გამო, რომ შენი ქვეყანა გიყვარს, სირცხვილია და ლაფის დასხმა, სხვა არაფერი. მე მწამს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება. მე, ადამიანი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება თუ არა, რაღაც პერიოდი მაინც ვიყავი დაკავებული სპორტით, — თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ კეთილი საქმეებით… შეხება არასოდეს მქონია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ ყველაფრის.
მოკლედ ის, რაც გააკეთეს ე.წ. სამართალდამცავებმა იმ ღამით, ყველას ვუსურვებ, რომ არცერთს არ გადახდენოდეს ეგეთი რამ. უდანაშაულო ვარ და ვითხოვ სასამართლოსგან, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, — განაცხადა აბრამოვმა.
22 წლის აბრამოვს პროკურატურა 4,4 გრამი კლუბური ნარკოტიკის, მდმა-ს ფლობას ედავება, რაც, პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აბრამოვს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. ის დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს.