ევრობასკეტი 2025 კარს მოგვადგა. ზედიზედ მეოთხედ, ტურნირს 4 მასპინძელი ეყოლება. 27 აგვისტოდან, ევროპის ყველაზე ძლიერი 24 ნაკრები კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გადანაწილდება. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პლეი-ოფის სტადიას ლატვიის დედაქალაქი, რიგა უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ევროპის საუკეთესოთა მარაქაში ზედიზედ მეექვსედ გაერივნენ. ჩვენი ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.
ტურნირის პრევიუსთან დაკავშირებით, აქ არ ვისაუბრებთ და აქცენტს იმ დაუვიწყარ მოგონებებზე გავაკეთებთ, რომლებიც გასული ტურნირების განმავლობაში, ჩვენმა კალათბურთელებმა გვისახსოვრეს.
სადებიუტო შეხვედრა ბელგიასთან
2011 წლის ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრები დებიუტანტის სახელით ასპარეზობდა. ტურნირზე მონაწილე გუნდებს შორის, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი საგულშემატკივრო არმია უმაგრებდა ზურგს.
პირველ მეტოქედ ბელგია გვერგო, რომელთანაც არცთუ სასიამოვნო ახლო წარსული გვაკავშირებდა: საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბელგიას ორჯერ ვყავდით დამარცხებული (74:64 და 63:86). ამის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელებმა ნავსი გატეხეს, ბელგიელები ოთხივე მეოთხედში დაჯაბნეს (11:20, 13:17, 18:21, 17:23) და მთელი შეხვედრის განმავლობაში, მეტოქეს ამოსუნთქვისა და შეხვედრის შემოტრიალების შესაძლებლობა არ მისცეს.
პოლონეთთან გამარჯვება
საქართველოს ნაკრებმა 2013 წლის ევრობასკეტზეც შესანიშნავი სტარტი აიღო: ამჯერად, პოლონეთს დავუპირისპირდით და დიდი ანგარიშით, 84:67 გავიმარჯვეთ.
სადებიუტო ევრობასკეტის მსგავსად, ჩვენს ნაკრებს სათავეში კვლავ იგორ კოკოშკოვი ედგა, რომლის ჩინებულმა დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და პოლონელები პირველ სამ ორ მეოთხედში დიდი სხვაობით დავამარცხეთ (20:14, 19:8, 16:15, 29:30). ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა პოლონელი სნაიპერების განეიტრალება ეფექტურად შეძლეს – პოლონელებმა პირველი სამქულიანი IV მეოთხედში ჩააგდეს.
2013 წლის ევრობასკეტი იყო პირველი ოფიციალური შეჯიბრება 1999 წლის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშა – ჩვენს კაპიტანს ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მის არყოფნაში, ლიდერობა რამდენიმე მოთამაშემ გადაინაწილა: 23 ქულას მოუყარა თავი სანიკიძემ, მარკოიშვილმა 18 ქულა დააგროვა, შერმადინი ორმაგ დუბლთან იყო ახლოს (13 ქულა და 9 მოხსნა), ცინცაძემ კი აქტივში კი 11 ქულა და 7 ასისტი ჩაიწერა.
პირველი პლეი-ოფი
2015 წლის ევრობასკეტი ნამდვილი Roller Coaster გამოდგა: პირველ შეხვედრაში, ნიდერლანდებთან ანგარიშით 72:73 დავმარცხდით, თანაც, მარკოიშვილის სროლა ბოლო წამზე ფარმა უბრალოდ არ მიიღო. ამას სლოვენიასთან და საბერძნეთთან 2 მარცხი მოჰყვა და მაშინ, როდესაც ჯგუფიდან გასვლა სათუო გახდა, ჩვენს ნაკრებს მეორე სუნთქვა გაეხსნა: ჯერ ჩრდილოეთ მაკედონია დავამარცხეთ, შემდეგ კი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი – ხორვატია. ცხადია, ყურადღებას ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედარებით, ხორვატია გაცილებით კარგ ფორმაში იმყოფებოდა. თანაც, ბალკანელებმა 2013 წლის ევრობასკეტზე მე-4 ადგილი დაიკავეს და გუნდის შემადგენლობაში “ბარსელონას”, “ინდიანას”, “ბრუკლინის” და “ეფესის” კალათბურთელები თამაშობდნენ. ერთი სიტყვით, ამ დაპირისპირებაში, ხორვატია აშკარა ფავორიტი იყო.
შესავალი ამით დავასრულოთ და მატჩზე გადავინაცვლოთ: საქართველომ სენსაციური, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ხორვატია ანგარიშით 71:58 დაამარცხა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით, როგორც კალათბურთის მოყვარულები იტყვიან – ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მაშინ, როდესაც ანგარიშით 51:49 ვაგებდით, საქართველოს ნაკრებმა შეუჩერებელი და მაგიური ძალა მოიკრიბა, 18:0 გაქცევა მოაწყო და 16 ქულით დაწინაურდა (67:51).
დასკვნით ნაწილში, უპირატესობის შენარჩუნება შევძელით და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანეთ (71:58). პარალელურად, ჩვენს ჯგუფში, საბერძნეთმა ნიდერლანდები დაამარცხა და შედეგად, მერვედფინალში გავედით, სადაც ტურნირის მოქმედ და ასევე, მომავალ ვერცხლის პრიზიორს, ლიეტუვას შევხვდით და თანაბარ, ღირსეულ ბრძოლაში, ანგარიშით 81:85 დავმარცხდით. იონას მაჩიულისის სახელი გემახსოვრებათ, საოცარი მატჩი ჰქონდა.
რევანში
ლიეტუვასთან უზომოდ დაძაბულმა შეხვედრამ კალათბურთის ყველა გულშემატკივარში უკმარისობის გრძნობა დატოვა. რა ცოტა დაგვაკლდა, რომ საკალათბურთო გრანდი დაგვემარცხებინა და მეოთხედფინალში გვეთამაშა…
რევანშის აღების შესაძლებლობა 2017 წლის ევრობასკეტზე მოგვეცა: საქართველოსთან ერთად, ლიეტუვა B ჯგუფში იყო წარმოდგენილი და ჯგუფის უპირობო ფავორიტად ითვლებოდა. თანაც, ეს ილიას ზუროსისთვის პირველი ევრობასკეტი გახლდათ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მისი გვირგვინი და კულუმინაცია კი ბოლო მეოთხედში დაიწყო, სადაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ და მატჩი სასურველი ანგარიშით დავასრულეთ:
· დასრულებამდე 20 წამით ადრე: მაიკლ დიქსონმა ზუსტი ორქულიანით წინ გაგვიყვანა (78:74);
· 10 წამით ადრე: კუზმინსკასზე სამქულიანის სროლისას დავჯარიმდით, მან კი სამი საჯარიმო სროლიდან ერთი გამოიყენა, თუმცა ქართველებმა ფარზე ბურთი დაკარგეს, ლიეტუველებმა ორქულიანი ჩააგდეს და ანგარიში ერთ ქულამდე შეამცირეს (78:77);
· 7 წამით ადრე: მაიკლ დიქსონმა 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა (79:77);
· 1 წამით ადრე: ლიეტუველებმა Game Winner სროლა იონას მაჩიულისს მიანდეს – მას, ვისი დამსახურებითაც გასულ ევრობასკეტზე დავმარცხდით, თუმცა ფორტუნა 180 გრადუსით, საქართველოს სასარგებოდ შემოტრიალდა. მაჩიულისის სროლა ფარმა არ მიიღო და მატჩი საქართველოს სენსაციური გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვება საკუთარ კედლებში
დასასრულს, ყველაზე ემოციური შეხვედრის შესახებ მოგიყვებით. იქნებ, ეს შეფასება სუბიექტურიც გახლავთ, მაგრამ ამაზე არ გავჩერდეთ და მიზეზებზე ვისაუბროთ.
2019 წელს, თბილისმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება პრაღასთან, კიოლნთან და მილანთან ერთად მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობდით.
საქართველოში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი, ასევე თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი ჩამოვიდნენ. ცხადია, საკუთარ კედლებში ღირსეული სიტყვა უნდა გვეთქვა და თურქეთთან მატჩი (88:83) გამოდგა ისეთი, რომელიც ქართველი ქომაგის მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება.
ეს იყო შეხვედრა, სადაც საქართველომ ევრობასკეტზე პირველად ითამაშა 2 ოვერტაიმი. გამარჯვებას მეტი ემოციური დატვირთვა მისცა საოცარმა, ნონ-სტოპში მიმდინარე გულმხურვალე ქომაგობამ. იყო კიდევ ერთი რამ, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ: უძლიერესი მეტოქეს წინააღმდეგ, ჩვენი ნაკრები თამაშობდა ტრავმირებული თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის გარეშე. ასევე, მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის გამო პარკეტი დატოვა ჯერ დუდა სანაძემ, შემდეგ კი, 5 ფოლის გამო, გიორგი შერმადინმა.
გამოდის, რომ ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველო განახევრებული შემადგენლობით თამაშობდა, თუმცა ამ დანაკლისის მიუხედავად, არ გაჩერდა და სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით, ასევე მაკფადენის, ანდრონიკაშვილისა და ბექაურის უმნიშვნელოვანესი ქულებით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მორიგი საამაყო ფურცელი დაწერა თავის ისტორიაში.
წინ მეექვსე ევრობასკეტი გველოდება. აქვე, განრიგსაც შეგახსენებთ:
· 28 აგვისტო, 16:00 | საქართველო v ესპანეთი;
· 30 აგვისტო, 16:00 | იტალია v საქართველო;
· 31 აგვისტო 16:00 | საქართველო v საბერძნეთი;
· 2 სექტემბერი 19:15 | კვიპროსი v საქართველო;
· 4 სექტემბერი 16:00 | ბოსნია და ჰერცეგოვინა v საქართველო.
დაველოდოთ თამაშებს და ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს
საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
