„გუშინ ყველა პარტნიორთან ერთად, დღეს ორმხრივ ფორმატში განვიხილეთ ალასკაზე შეხვედრის მოლოდინები და სავარაუდო პერსპექტივები. ასევე საკმაოდ დაწვრილებით განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებმაც შეიძლება მსოფლიოს მართლა მიანიჭოს სტაბილურობა, თუკი შეერთებული შტატები მაინც მოახერხებს, რუსეთი აიძულოს, შეწყვიტოს მკვლელობები და ნამდვილი შინაარსიანი დიპლომატია არჩიოს. მნიშვნელოვანია, რომ მსურველთა კოალიციის ფარგლებში ყველამ ერთად მოვახერხოთ უსაფრთხოების სფეროში მუშაობის ნამდვილი ფორმატების მიღწევა,“ დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ლონდონში შეხვედრის შემდეგ.
გარდა ამისა ორმა ლიდერმა განიხილა უკრაინის არმიისა და თავდაცვითი მრეწველობის მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება.
პარასკევს ალასკაში გაიმართება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის. მათი მოლაპარაკებების თემა იქნება საზავო შეთანხმება უკრაინაში.
როგორც NBC News-ი ადრე იტყობინებოდა ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ პუტინთან შეხვედრაზე არ აპირებს განიხილოს უკრაინის ტერიტორიების საკითხი და რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას შეეცდება.
ფორუმი
