პლებისციტის საჭიროება არ უნდა დადგეს, მაგრამ თუ ასეთი არჩევანის წინაშე დავდგებით, რა თქმა უნდა, ვიზების ხელში დაჭერას გვირჩევნია, ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ფასეულობები შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მან „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივა შეაფასა, რომელიც ხელისუფლებას მიმართავს, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ევროინტეგრაციის საკითხზე პლებისციტი ჩაატაროს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ლგბტ პროპაგანდა არ უნდა იყოს ქვეყნის სავიზიტო ბარათი და გაუმჭვირვალობით არ უნდა ჩანაცვლდეს გამჭვირვალობა.
„პრაქტიკულად, პლებისციტის ტოლფასია ის პოლიტიკის მხარდაჭერა, რასაც საზოგადოება უკვე მმართველი გუნდის მიმართ საარჩევნო შედეგით აფიქსირებს. მმართველი გუნდი იცავს ქვეყანაში ტრადიციების, ოჯახური ფასეულობების, ახალგაზრდების უფლებებს და ეს უკვე საკანონმდებლო სივრცეშიც ასახა. ის, რომ გამჭვირვალობა ნამდვილად სჯობს გაუმჭვირვალობას და დასავლეთიდან ამაზე არის კრიტიკა, საზოგადოებას არ მოსწონს. ეს რომ მოსწონდეს, მაშინ წინა ყველა არჩევნებში და ამ არჩევნებშიც შეეცდებოდა, რომ საზოგადოებას დაეფიქსირებინა არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ შედეგი, არამედ ის ამას პირიქით გააკეთებდა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დასავლეთში ასეთი უსამართლო, არასწორი, არა პარტნიორული ურთიერთობები თანდათან შეიცვლება იმიტომ, რომ თავად დასავლეთის ამომრჩევლებში მიდგომა უკვე სხვანაირია.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პლებისციტის საჭიროება არ უნდა დადგეს, მაგრამ თუ ასეთი არჩევანის წინაშე დავდგებით, რა თქმა უნდა, ვიზების ხელში დაჭერას გვირჩევნია ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ფასეულობები შევინარჩუნოთ, ლგბტ პროპაგანდა არ იყოს ქვეყნის სავიზიტო ბარათი და გაუმჭვირვალობით არ ჩავანაცვლოთ გამჭვირვალობა. გარედან დაკვეთილი ამოცანებით და გარედან შემოტანილი ფულით არ უნდა ფორმირდებოდეს ქართული პოლიტიკა. ყველაფერი ეს იმის საფუძველი იქნება, რომ საქართველომ დაკარგოს ქართველობა და სუვერენიტეტი“,-განაცხადა ხუნდაძემ.
ამასთან, ის საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის შანტაჟი, რომ ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ.
„ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არის გარკვეული ინსტრუმენტი, რომ ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ. დღევანდელი ოპოზიცია არის ბრიუსელის ლიბერალების ინსტრუმენტი, რომ ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე. ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არის გარკვეული ინსტრუმენტი, რომ ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ. საქართველო და ქართველი ხალხი რა თქმა უნდა, ამას არ დათმობს. ასევე, იმედი მაქვს, რომ ეს არის მხოლოდ წინასაარჩევნო შანტაჟი და რეალურად, ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რითაც ევროკავშირი იმუქრება. ამის იმედს მიმდინარე პროცესებიც მიჩენს და ასევე თარიღიც, რომ არჩევნების შემდეგ გადაიტანეს გადაწყვეტილების მიღების დრო. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება იქნება მყარი. ამ შანტაჟს ბოლომდე ვერ გამოიყენებს, ეს დასავლეთისთვისაც არ იქნება მისაღები, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ გააკეთონ ის, რითაც იმუქრებიან“,- განაცხადა ხუნდაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ საქართველოში იმიტომ მიიღეს, რომ ამ კანონებით დასავლური ქვეყნებიც სარგებლობენ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „გარედან დაფინანსებული გარკვეული ჯგუფები არ უნდა ახდენდნენ შიდა პოლიტიკის ფორმირებას გარე ინტერესებით“.
