კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის პირველ სართულზე არაბული დეველოპერული კომპანიის, „იგლ ჰილს ჯორჯიას“ გაყიდვების ოფისი და შოურუმი განთავსდება

კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის პირველ სართულზე არაბული დეველოპერული კომპანიის, „იგლ ჰილს ჯორჯიას“ გაყიდვების ოფისი და შოურუმი განთავსდება. ასევე საგამოფენო ბინის 2 ნიმუში და ოფისის ფუნქციონირებისთვის საჭირო დამხმარე სივრცეები.
კულტურულის მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 8 აგვისტოს გასცა.
პროექტი ითვალისწინებს ინტერიერისა და ფასადის სარესტავრაციო, სარემონტო სამუშაოებს. არქიტექტურული პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის პირველი სართულისა და ვესტიბიულის ზონაში ნაწილობრივი ფუნქციური ადაპტაცია. ფასადი მოპირკეთდება გრანიტის ქვით და მოიხსნება მინის ვიტრაჟები. რედიზაინი ითვალისწინებს ორფრთიანი „ხის კარების, ვიტრინებისა და ქვის მოპირკეთების აღდგენას“.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, შენობის ფასადებს „ჩაუტარდება რესტავრაცია-რეაბილიტაცია და მაქსიმალურად დაუბრუნდება თავდაპირველი სახე“.
„რაც ემსახურება ძეგლის პოტენციალის ეტაპობრივ გააქტიურებას და საზოგადოებისათვის მისდამი ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამგვარი გამოყენება ემყარება შენობის ღირებულებითი და ავთენტური მახასიათებლების დაცვის პრინციპებს, რაც გულისხმობს მინიმალურ ფიზიკურ ჩარევას“, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „საარქივო მასალისა და ისტორიული კვლევის საფუძველზე, შენობის ინტერიერში მაქსიმალურად აღდგება დარბაზის თავდაპირველი დიზაინი, რაც მოიცავს იატაკის, ჭერისა და კოლონების ავთენტური სახით აღდგენას“.
შენობა სს ,,კინოთეატრ რუსთაველის” საკუთრებაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!