პრემიუმ მგზავრებისთვის შესაძლო კლიმატური გადასახადი – IATA ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს

რვა ქვეყნისგან შემდგარმა კოალიციამ, მათ შორის საფრანგეთმა და ესპანეთმა, შექმნა გლობალური სოლიდარობის გადასახადების სამუშაო ჯგუფი (GSLTF), რომელიც მხარს უჭერს პრემიუმ საჰაერო მგზავრებისთვის ახალი გადასახადის დაწესებას. ამ ინიციატივის მიზანი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის თანხების შეგროვებაა. ამასთან, ავიაინდუსტრიის მთავარი ასოციაცია IATA მკაცრად აკრიტიკებს ამ ნაბიჯს.
გადასახადის მომხრეთა პოზიცია
GSLTF-ის ინიციატივა მოიცავს პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრებს, ასევე კერძო თვითმფრინავების მომხმარებლებს. კოალიციაში შემავალი ქვეყნების (საფრანგეთი, ესპანეთი, კენია, ბარბადოსი, ბენინი, სიერა-ლეონე, სომალი და ანტიგუა და ბარბუდა) აზრით, შეგროვებული თანხა მდგრად განვითარებასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, შეუერთდნენ ამ სტრუქტურას. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Greenpeace International მიესალმა ამ ნაბიჯს და განაცხადა, რომ ფრენა მოგზაურობის ყველაზე დამაბინძურებელი ფორმაა, ამიტომაც „მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორის ხშირმა მომხმარებლებმა სამართლიანი წილი გადაიხადონ“. კვლევის შეფასებით, გლობალურმა პრემიუმ მგზავრობის გადასახადმა შეიძლება წელიწადში 78 მილიარდ ევრომდე შეადგინოს.
IATA-ს კრიტიკა
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა და მას ინდუსტრიისთვის „მუცლის არეში დარტყმა“ უწოდა. IATA-მ ეჭვქვეშ დააყენა კვლევის ვალიდურობა და აღნიშნა, რომ პრემიუმ მგზავრობის გადასახადის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით სამჯერ აღემატება ავიაინდუსტრიის მოსალოდნელ წლიურ მოგებას.
IATA-ს გენერალურმა დირექტორმა, ვილი უოლშმა, განაცხადა, რომ ავიაცია არის „ეკონომიკური კატალიზატორი და არა ფულის ძროხა“. მისი თქმით, ავიაციიდან ათობით მილიარდის ამოღება შეამცირებს სექტორის შესაძლებლობას, ინვესტიცია ჩადოს 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მისაღწევად, გაზრდის საჰაერო მგზავრობის ღირებულებას ყველა მომხმარებლისთვის და მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე სიკეთეს.