წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა – ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო კომპანია ჩაიბარებს

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა. რთველის სუბსიდირებაში წელს შარშანდელთან შედარებით 15 მილიონით მეტს, 50 მილიონ დოლარს დახარჯავს, თუმცა ამ თანხას არა კერძო კომპანიები, არამედ სახელმწიფო “მოსავლის მართვის კომპანია” მიიღებს.
2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელის წარდგენას წინ უსწრებდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო “მოსავლის მართვის კომპანია” ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა მართვაში.
2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.
სახელმწიფო კომპანია ჭარბ ყურძენს წელს შემდეგი ტარიფებით ჩაიბარებს:
· კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად;
· „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად;
· არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად;
· დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს 1 ლარად.
2024 წელს სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაში 35 მილიონი ლარი დახარჯა. მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი საუბრობდა იმ გზებზე, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, გამოვიდეს ამ სფეროდან. ოთარ შამუგია მიღწევად თვლიდა იმას, რომ სახელმწიფო კომპანიის შესყიდვა 10%-ზე მეტი არ იყო.
“გასული წელი იყო ამ მხრივ საუკეთესო – ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო საწარმოს კახეთში ყურძნის 10%-ზე მეტი არ მიუღია. დაახლოებით 18 000 ტონა იყო, ისიც დასეტყვილი ყურძენი.
ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანაა, რომ სახელმწიფო საწარმოს არ მოუწიოს მიღება და კერძო სექტორმა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ყურძნის შესყიდვა შეძლოს. არაერთი შეხვედრა გვაქვს მეღვინეებთან, საწარმოებთან ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორ წარიმართოს პროცესი. ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთ, გადაწყვეტილებას ცალმხრივად არ ვიღებთ. ვფიქრობთ, წელსაც ასეთი ტიპის ჩარევა საჭიროა. ვნახოთ, შემდგომ წლებში როგორ განვითარდება მოვლენები“, – ასე პასუხობდა 2024 წლის აგვისტოში რთველის სუბსიდირების პროგრამის შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვას.
2024 წლის 30 ნოემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიცვალა და ეს პოსტი დავით სონღულაშვილმა დაიკავა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით