საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), შესაბამისი წარმოების ფარგლებში, სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული, სავალდებულო წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების 3 ფაქტი გამოავლინა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამივე შემთხვევაში შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ფიზიკურ პირებს ეკისრებოდათ. აღნიშნული პირები თითოეული შემთხვევისთვის 10 000-ლარიანი ჯარიმით დაჯარიმდნენ და დაევალათ სააგენტოში შესაბამისი შეტყობინებების წარდგენა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, საქმე ეხება სამ განსხვავებულ სექტორს – სწრაფი მოხმარების საქონლის (FMCG), გათბობა-გაგრილების სისტემების რეალიზაცია-შეკეთების და შავი ლითონის ჯართის საბითუმო ვაჭრობის მიმართულებებს.
GCCA-ს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია ხორციელდება სააგენტოს გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, GCCA-სთვის წერილობითი შეტყობინება სავალდებულოა იმ კონცენტრაციებზე, სადაც მონაწილე პირების ერთობლივი ჯამური შემოსავალი წინა ფინანსური წლის მონაცემებით 20 მილიონ ლარს აღემატება, და ამასთან, მინიმუმ ორი მონაწილე კომპანიის შემოსავალი ცალ-ცალკე 5 მილიონ ლარზე მეტია. შეტყობინების განხილვის საფასური 5 000 ლარს შეადგენს.
GCCA-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ორი კვარტალის განმავლობაში სააგენტომ ჯამში 10 528 ტრანზაქცია გადაამოწმა. აღნიშნულ პერიოდში, თანხმობა 11 კონცენტრაციაზე გაიცა, ხოლო კიდევ 3 საქმესთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარე რეჟიმში გრძელდება.
