ამ დროისთვის არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსები ომის დასრულებისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ომი უნდა დასრულდეს. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო. რუსეთის მიერ მოტყუების თავიდან ასაცილებლად უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გამოყენება უნდა მოხდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტნიორებთან 30-ზე მეტი საუბარი გამართა, რომელთაც „განსხვავებული პერსპექტივები, მაგრამ საერთო ხედვები აქვთ“.
„უკრაინის, აშშ-ის, ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის საერთო ძალისხმევას, რომელთაც მშვიდობა სურთ, ნამდვილად შეუძლია რუსეთი აიძულოს, რომ მშვიდობას დათანხმდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.




