არ ვიცი სერიოზულად როგორ ვუპასუხო ხაბეიშვილს, წარმოუდგენელია, რაღაც სისულელეს რომ იტყვის დავდგეთ და სერიოზულად ვუპასუხოთ – ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, ყველას ვაჩვენებთ რის განხორციელებას ვაპირებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
აღნიშნულით კალაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ვინაიდან ეს რუსული სპეცოპერაციაა“.
„არ ვიცი სერიოზულად როგორ ვუპასუხო ხაბეიშვილს. წარმოუდგენელია, რაღაც სისულელეს რომ იტყვის დავდგეთ და სერიოზულად ვუპასუხოთ. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, გვექნება წარმოდგენილი პროგრამა, პროექტები, რომლის თაობაზეც გავესაუბრებით მოსახლეობას. ყველას ვაჩვენებთ რის განხორციელებას ვაპირებთ“,- აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და სოფელს ეხება.
„არჩევნებისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უკავშირდება თითოეულ ქალაქს, რაიონს, სოფელეს, კონკრეტულ ოჯახებს. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. თბილისზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, თუ რა პროექტები განხორციელდა, თუმცა, ცხადია, არსებობს ბევრი პრობლემა, გამოწვევები. გვაქვს სრული მზაობა, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი ხედვა, გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანა, ქალაქები, სოფლები უკეთესობისკენ; კიდევ უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„კანდიდატებს რაც შეეხება, მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, თითოეული ქართველის ინტერესს. რა თქმა უნდა, საზოგადოება, მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ამ ყველაფერს, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენთან, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება. ამიტომ, მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. პარალელურად, საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
