კახა კალაძე – მიდგომა არ და ვერ შეიცვლება – არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია

დედაქალაქის მერის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, რადგან საკუთრების უფლებას კანონი განსაზღვრავს, მუნიციპალიტეტი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ძალით არავის გამოიყვანს.
„მიდგომა არ და ვერ შეიცვლება, რადგან საკუთრების უფლებას განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიღაც ძალით გამოვიყვანოთ თავისი სახლიდან და საცხოვრებელი ფართი დავუნგრიოთ. ამ საკითხზე იყო გარკვეული სპეკულაციები და მაგალითად მოჰყავდათ კერძო საკუთრებაში შეჭრილი ადამიანების გამოყვანა ან სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, მუნიციპალიტეტს არ გვაქვს ამის უფლება, არასდროს გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია, იძულებით გამოვიყვანოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.