ანატოლი გიგაურის ადვოკატი – ჩვენი მხრიდან სამართლიანად იქნება აღქმული მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი, სხვა შემთხვევაში, ანატოლი გიგაურთან შეთანხმებით, გავასაჩივრებ ზედა ინსტანციაში

ბუნებრივია, ველოდებით, ერთადერთ გადაწყვეტილებას და ჩვენი მხრიდან სამართლიანად იქნება აღქმული მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანატოლი გიგაურთან შეთანხმებით, გავასაჩივრებ ზედა ინსტანციაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ ჟურნალისტებს, საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არსებითი განხილვის ეტაპზე დადასტურდა, რომ ანატოლი გიგაური მოქმედებდა მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და იცავდა საკუთარ ჯანმრთელობას.
„სისხლის სამართლის საქმეზე, დღეს ანატოლი გიგაური ისარგებლებს საბოლოო სიტყვის უფლებით, რის შემდეგაც გამოცხადდება განაჩენი. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინებს, აქ ცხადია ის, რომ გიგაური თავს არ დასხმია პოლიციელს. მან მოქმედება განახორციელა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციელი, სამი წამით ადრე, შეკრული მუშტის გამოყენებით სახეში ურტყას გიგაურს ხელს, რისი შემდგომი მოქმედებაც არის უკვე გიგაურის ხელის მოქნევა პოლიციელის მიმართ. იმდენად ცხადად ჩანს ეს მონაკვეთი ვიდეოჩანაწერში, რომ ერთადერთი გზა რაც მოსამართლეს აქვს ამ საქმის ობიექტურად განხილვის პირობებში, ბუნებრივია, ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, გამამართლებელი განაჩენი. არსებითი განხილვის ეტაპზე დადასტურდა, რომ ანატოლი გიგაური მოქმედებდა მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და იცავდა საკუთარ ჯანმრთელობას.
რაც შეეხება ალტერნატიულ მოლოდინებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა გადაწყვეტილება არ იქნება ობიექტური, არ დავეთანხმებით და იქნება დაუსაბუთებელი, თეორიულად შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეს ძალიან ბევრი საშუალება აქვს. თუკი მიიჩნევს, რომ მაგალითად თავდასხმა არ არის სახეზე, რაც იქნება ცალსახად დაუსაბუთებელი, მოსამართლეს შეუძლია მუხლი გადააკვალიფიციროს ან ძალადობის მუხლზე, ან 353-ე მუხლზე, წინააღმდეგობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რაც მზია ამაღლობელის შემთხვევაში იყო. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან აღქმული იქნება როგორც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, თუ მიიღება გადაწყვეტილება მუხლის, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე. ბუნებრივია ველოდებით, ერთადერთ გადაწყვეტილებას და ჩვენი მხრიდან სამართლიანად იქნება აღქმული მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანატოლი გიგაურთან შეთანხმებით, გავასაჩივრებ ზედა ინსტანციაში“,- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.