ანატოლი გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ვეტერან ჯარისკაცს, ანატოლი გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
მან გიგაურისთვის წარდგენილი მუხლი (სსკ-ის 353 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილი), რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა, გადააკვალიფიცირა მუხლით, რომელიც გულისმხობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით (სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).
ამ საქმეში სახელმწიფო ბრალდებას პროკურორი თამარ იაკობიძე წარმოადგენს. მათ მიერ წარდგენილი მუხლი ითვალისწინებდა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას. გადაკვალიფიცირების შემდეგ, მოსამართლე ნაჭყებიამ შესაძლო სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი, პატიმრობა გამოიყენა (მუხლი ითვალისწინებს ჯარიმასა და შინაპატიმრობასაც).
დაცვის მხარის პოზიციაა, რომ გიგაურის მიზანი პოლიციელის დაზიანება არ ყოფილა და ის მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. შესაბამისად, სრულად უნდა გამართლებულიყო.
გიგაური ადასტურებს ფაქტს, რომ ხელი ჰკრა პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას, მაგრამ ამბობს, რომ ეს იყო თავდაცვა. კადრებში, რომელიც სასამართლომ გამოიკვლია ჩანს, რომ საპროტესტო აქციაზე, თავდაპირველად სწორედ პოლიციელმა გაბუნიამ დაარტყა მუშტი გიგაურს. ის ამბობს, რომ დარტყმის დროს პოლიციელმა მას შეაგინა კიდეც. ანატოლი გიგაური ირწმუნება, რომ პოლიციელი ვახტანგ გაბუნია მეორედ აპირებდა მისთვის მუშტის დარტყმას, ამიტომ, მოსაგერიებლად ხელი აუქნია, რომელიც პოლიციელს ქურთუკზე, კისრის მიდამოში მოხვდა.
გარდა ამისა, გიგაურის თქმით, პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ არა მხოლოდ აქციაზე, არამედ დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაშიც იძალადა მასზე. გიგაურის თქმით, ის სცემეს უშუალოდ დაკავების დროსაც. როგორც ის ჰყვება, განყოფილებაში მისვლამდე პოლიციელები ცდილობდნენ მისთვის სისხლდენის შეჩერებას, რადგან არ უნდოდათ, სისხლიანი შეეყვანათ შენობაში. განყოფილების ეზოში მისულები უკან გამოაბრუნდნენ, მიიყვანეს ახლომდებარე აფთიაქთან, იყიდეს პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები, სისხლდენა შეუჩერეს და მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნეს განყოფილებაში.
პოლიციელების მხრიდან გიგაურზე ძალადობის საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. თუმცა, უწყებას ამ დრომდე არცერთი პოლიციელებისთვის ბრალი არ წარუდგენია
ანატოლი გიგაური დააკავეს 2024 წლის 25 ნოემბერს, საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე.
ამავე თემაზე:
· “თქვენს ოთახში, თქვენ წინ მირტყამდა მუშტებს, პასუხისმგებელი ხართ ამაზე?” – ანატოლი გიგაური მოწმე პოლიციელს
· აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა ჯერ დაკავებისას სცემეს, შემდეგ – განყოფილებაში
.