2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აქციების მონაწილე ანატოლი გიგაურს პოლიციელისთვის სილის გარტყმის გამო

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პროევროპული აქციების მონაწილე ანატოლი გიგაურს, რომელიც პოლიციელისთვის სილის გარტყმის გამო დააკავეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 აგვისტოს, გამოცხადდა.
ანატოლი გიგაურის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ კაცი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია. მისი განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეომასალიდან ჩანს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის მტკიცებით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა:
„მოიყვანეს პოლიციელი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და თქვა, რომ კადრი, სადაც მე პოლიციელი ხელს მარტყამს, ვერ დაინახა…
კაცმა, რომელმაც მაწამა, მუშტები თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა, იმაზე მეუბნებით, დაზარალებულია და ამის მერე უნდა თქვათ, რომ არსებობს სიტყვა „სამართლიანობა“ და ის არის დაზარალებული?!.
ვახტანგ გაბუნია [დაზარალებული პოლიციელი] მირტყამს სახეში, მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით, კამერებთან შემომყავს და ის იგინება და დარტყმას ცდილობს. ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და მოვიშორე! სად ნახეთ თავდასხმა, რისთვის მამყოფებთ ციხეში?..
ვნახოთ სადამდე მივა ეს ყველაფერი… [პოლიციის] მუნდირის უკან მუწუკები არიან ამოფარებულები, რომლებიც ჩირქს სდებენ მუნდირს, სახელმწიფოს… რაც გინდათ, ის გიქნიათ, მე კარგს არაფერს ველოდებით თქვენგან…“
ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი გამაოცხადა. მან ანატოლი გიგაურისთვის წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა:
· მას პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს – სასჯელი კი ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობაა;
· ჯვებე ნაჭყებიამ გიგაური დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – ძალადობა პოლიციელის მიმართ ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით.
მოსამართლეს კანონი აძლევდა უფლებას, ბრალდებულისთვის ჯარიმა ან შინაპატიმრობა შეეფარდებინა, თუმცა უფრო მძიმე სასჯელი (პატიმრობა) მიუსაჯა.
იმავე მუხლით გაასამართლეს ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მან სილა გააწნა ს პოლიციის მაღალჩინოსანს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ეს იყო თავდასხმა და წაყენებული ბრალით მის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას მოითხოვდა. მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ გამოიყენა ნაკლებად მძიმე სასჯელი და ჟურნალისტს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ანატოლი გიგაური გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული თავს დაესხა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი