უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქის სტეპნოესა და ნოვოკონსტანტინოვკას დასახლებები რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალურ შტაბში განმარტავენ, რომ თავდაცვის ძალები ყველა ღონეს ხმარობს რუსი დამპყრობლების შეტევითი გეგმების განხორციელების ჩაშლისა და მათი საბრძოლო პოტენციალის ამოწურვის მიზნით.
გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი რიცხობრივ უპირატესობას იყენებს და, მიუხედავად იმისა, რომ პირადი შემადგენლობის დიდ რაოდენობას კარგავს, ცდილობს, მცირე ჯგუფებად შეაღწიოს უკრაინული პოზიციების პირველი ხაზის გავლით.
გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, თავდაცვის ხაზში შეჭრილი მტრის დივერსიული ჯგუფების იდენტიფიცირებისა და განადგურების მიზნით დამატებითი ძალებისა და რესურსების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
