კომპანია “ნანასეული”, რომელიც 4 სახის აჯიკას ამზადებს, შემოდგომაზე ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.
როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ბიზნესის დამფუძნებელმა, კახა ახალაძემ აღნიშნა, ამჟამად, არსებულ პროდუქტს მეგრული მშრალი და ცხარე აჯიკა დაემატება. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისია, რომ “ნანასეული” ადგილობრივ ბაზარზე 4 თვეა ოპერირებს კომპანიის გაყიდვები გასულ თვესთან შედარებით, 100%-ით გაიზარდა, რასაც კმაყოფილ მომხმარებელს უკავშირებს.
“ნედლეულს საქართველოს მასშტაბით ძირითადად თბილისიდან, ბათუმიდან, გურიიდან ადგილობრივი ფერმერებისგან ვიძენთ, რაც შეეხება პროდუქციას ერთ-ერთ პარტნიორ საწარმოში შპს აჭარა 2019-ში, ბათუმში ვამზადებთ. კერძოდ, ობიექტზე ნედლეული მიგვაქვს, საკუთარი რეცეპტი გვაქვს და ყველანაირი უსაფრთხოების დაცვით მზადდება. აჯიკებს სოციალური ქსელი მეშვეობით, ძირითადად FACEBOOK-ის საშუალებით ვყიდით. ამ ეტაპზე, 4 სახის პროდუქტი გვაქვს – გურული სუნელი, წითელი ცოცხალი აჯიკა, მწვანე აჯიკა თხილით და ტკბილ-ცხარე აჯიკა. მომხმარებლების რაოდენობა მზარდია, მუდმივი მყიდველები გვყავს, ძირითადად პროდუქტს თბილისის მასშტაბით ვყიდით, ამჟამად, სიცხეა და რეგიონებში ტრანსპორტირებას ვერიდებით. უცხოეთიდან დამკვეთები, ჯერჯერობით, არ გვყოლია, მაგრამ საზღვარგარეთ პროდუქტს ემიგრანტები იძენენ ხოლმე. ვფიქრობ, შემოდგომიდან გავფართოვდებით და რეგიონებსაც მოვიცავთ, რადგან მოთხოვნა დიდია. სექტემბერში კიდევ უფრო მზარდ ნიშნულს ველოდებით. მომხმარებლები საწყის ეტაპზე, თუ მაგალითად, 10 ლარის პროდუქციას უკვეთდნენ, ახლა უკვე 30 ლარამდე ავიდნენ”, – აღნიშნავს “ნანასეულის” დამფუძნებელი.
კახა ახალაძე სოციალური ქსელის მეშვეობით პროდუქციის გაყიდვის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ბაზარზე მსგავსი ბიზნესს მოდელები, სულ უფრო პოპულარული ხდება.
“ზოგადად, მომხმარებლების ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ონლაინ პროდუქტის შეძენაზე, თანდათან, უფრო მიდრეკილი ხდებიან, უბრალოდ, ნდობის ფაქტორი აკავებთ ხოლმე. ჩემი აზრით, მყიდველის ნდობას, თუ დაიმსახურებ – ბიზნესზეც ადეკვატურად აისახება”, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, “ნანასეული” ადგილობრივ ბაზარზე 4 თვეა ოპერირებს. ამჟამად, კომპანიის ასორტიმენტში 4 სახის აჯიკა.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
