“სმარტის” სუპერმარკეტების ქსელის შემოსავალი 2024 წელს 56 მილიონ ლარამდე გაიზარდა

სუპერმარკეტების ქსელმა “სმარტმა” 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 5.1 მილიონი ლარით, 56.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
“სმარტ რითეილი” ქვეყნის მასშტაბით 45 სუპერმარკეტით ფუნქციონირებს. ჯგუფს ჯამურად 716 დასაქმებული ჰყავს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, შემოსავლის ზრდის მიუხედავად, “სმარტ რითეილი” 2024 წელსაც ზარალიანი იყო და კომპანიის ზარალმა 3.2 მილიონი ლარი შეადგინა.
“სმარტ რითეილის” 100%-იანი აქციონერი არის “გლობალ ინვესტორ ლიმითედი”, რომელიც თავის მხრივ ბიზნესმენ სოსო და ლევან ფხაკაძეების საკუთრებაშია.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, სმარტის ყველა სუპერმარკეტი დაკავშირებული მხარის უძრავ ქონებაზე არის განთავსებული, რაშიც 2024 წელს კომპანიამ 2.3 მილიონი ლარის საიჯარო ხარჯი გასწია.
კომპანიას ასევე დაკავშირებული მხარისგან 35.7 მილიონი ლარის სესხები აქვს მიღებული, რომლებზეც 2024 წელს 4 მილიონი ლარის საპროცენტო ხარჯები გასწია.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 16.7 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 72 მილიონ ლარს შეადგენს.