წლევანდელი კარტოფილის ექსპორტის ნახევარზე მეტი შარშანდელი მოსავალია – ფერმერი გაზრდილ ექსპორტზე

წელს, კარტოფილის ექსპორტი 30-ჯერ არის გაზრდილი.
როგორც ფერმერი, ილია ყავრელიშვილი BM.GE-სთან განმარტავს, ახალქალაქში 2025 წლის მოსავალი ჯერ არ არის აღებული და ამ ეტაპზე, არსებული სტატისტიკის დიდი ნაწილი 2024 წლის მოსავალს ასახავს.
„სტატისტიკაში რაც ფიქსირდება, მისი ნახევარზე მეტი წილი 2024 წლის მოსავალს ეკუთვნის. ახალი მოსავალი ჯერ არ აგვიღია. ახალქალაქში ჯერ აქტიური მორწყვის ეტაპზე ვართ“, – განაცხადა ყავრელიშვილმა.
რაც შეეხება მოსავალს, ფერმერი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნათესების მოცულობები წელს შემცირებულია : “მოსავალი წინასწარ რომ განვსაზღვროთ, არ ჩანს ცუდი მოსავალი. უბრალოდ, ფართობია შემცირებული. მაგალითად, წინა წელს თუ იყო პირობითად 1000 ჰა, წელს, ნათესები დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული“, – თქვა მან და დასძინა, რომ მოსავლის აღების პერიოდში გამოწვევა იყო კარტოფილის დაბალი ფასი, ამასთან პრობლემაა მუშახელი, რომელიც რეგიონში დეფიციტურია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოსავლის აღება უკვე დაწყებულია ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ქარელი და მარნეული, სადაც პროდუქცია შედარებით ნორმალურ ფასში – 80 თეთრიდან 1 ლარამდე იყიდება. თუმცა, ყავრელიშვილი ვარაუდობს, რომ მასობრივი აღების პერიოდში, როდესაც ახალქალაქის პროდუქციაც ჩაერთვება ბაზარზე, ფასი დაახლოებით 60 თეთრამდე შემცირდება, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გაუტოლდება.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში (6 თვე) 78 226 ტონა კარტოფილის რეალიზაციიდან ქვეყანამ $26.5 მილიონის შემოსავალი მიიღო. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ მხოლოდ 2 578 ტონა კარტოფილი $886 ათასად გაყიდა. შესაბამისად, კარტოფილის ექსპორტი დაახლოებით 30-ჯერ გაიზარდა გაიზარდა.
საქართველოსთვის 2025 წელს კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ა, ექსპორტის 77%-იანი წილით. იანვარ-ივნისში რუსეთში 50 347 ტონა კარტოფილი გაიყიდა $20.5 მილიონ ლარად.