მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომას, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლობა დაესწრნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის ცნობით, ასოციაციამ ინვესტორთა საბჭოზე ორი საკითხი დააყენა.
„პირველი საკითხი შეეხება კანონს მეწარმეთა შესახებ, რომელიც 2022 წელს იქნა მიღებული. ის საკმაოდ კარგად მუშაობს და ფუნქციონირებს, თუმცა, საკმაოდ მსხვილი რეფორმაც იყო და როდესაც გარკვეული პერიოდი გადის, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ცვლილებების საჭიროება დგება.
დღეს, ჩვენ 5-6 ცვლილების საკითხი დავაყენეთ და პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისგან მივიღეთ დაპირება, რომ ამაზე ვიმუშავებთ. იგივე საკითხი პარლამენტშიც გვაქვს დაყენებული და დარწმუნებული ვარ, ის ბოლომდე მივა და დადებითად გადაწყდება”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
ცნობისთვის, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული კანონი “მეწარმეთა შესახებ” სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს აწესრიგებს. რაც შეეხება BAG-ის მიერ დაყენებულ მეორე საკითხს, სოსო ფხაკაძის განმარტებით, ის გარემოსდაცვით საკითხებს ეხება.
„მეორე საკითხი ეხება გარემოს დაცვის, მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების საკითხებს. ეს სისტემა დანერგილია, ფუნქციონირებს, თუმცა, გარკვეული პრაგმატული, პრაქტიკული შენიშვნები გვქონდა მასთან დაკავშირებით და ამაზეც მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენ მიერ განხილული საკითხები ბოლომდე მივა”, – ამბობს სოსო ფხაკაძე.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ნარჩენების მართვის მოდელია, რომელიც მწარმოებლის საკუთარ პროდუქტზე პასუხისმგებლობას მოიცავს. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებები საქართველოში 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა.