საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და მისი სამი თანამოაზრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებით. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია Civil Rights Defenders-ი იტყობინება.
დაკავების ორდერი მოჰყვა ორი თავდასხმის სისხლის სამართლის გამოძიებას, რომლებიც დაკავშირებულია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან 2013 წლის აგვისტოში ქალაქ დუმასა და აღმოსავლეთ ღუტის რეგიონში. მაშინ ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საფრანგეთში გამოძიება 2021 წლის მარტში დაიწყო თავდასხმებს გადარჩენილი თვითმხილველების განცხადებების შემდეგ. უფლებადამცველების თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედი სახელმწიფოს მეთაური სხვა ქვეყანაში სამართლებრივი დევნის სამიზნე ხდება.
2013 წელს სირია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) შეუერთდა. ამავე დროს, OPCW-მ დამასკი არაერთხელ დაადანაშაულა სამოქალაქო ომის დროს იერიშებისას ქიმიური იარაღის გამოყენებაში. სირიის ხელისუფლება ყველა ბრალდებას უარყოფს.