ენტონი ბლინკენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართა მოლაპარაკებები.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ კალინი და ანკარაში აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკი ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე მინისტრებმა ღაზაში მიმდინარე ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა. „ჰამასის” 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია.