“არის დღეები, რომლებიც არასდროს სრულდება… ჩემთვის ჯერ არც 2008 წლის აგვისტო დასრულებულა და არც 1993 წლის 27 სექტემბერი, მე ისევ ვიბრძვი…“ – ამბობს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური – მამუკა მამულაშვილი. შეგახსენებთ, რომ მამუკა მამულაშვილი ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც გენერალ მამასთან – ზურაბ მამულაშვილთან ერთად აფხაზეთის ომში ჩაერთო, 15 წელი კი ტყვეობაში შეუსრულდა. „ერთხელ, როცა რუსი ოფიცერი მამაჩემის საკნის წინ მცემდა, მამამ რუსს უთხრა სიტყვები, რომლებიც ყოველდღიურად მახსოვს – „ღმერთმა ქნას, გადარჩეს და გაიზარდოს!“ – აღნიშნავს „ქართული ლეგიონის“ მეთაური და „კვირის პალიტრას“ დაუსრულებელ ბრძოლაზე, 8 აგვისტოს ომსა და დაკარგულ მეგობრებზე ესაუბრება.
– 8 აგვისტო ჩემთვის მორიგი ავბედითი დღეა, რომელიც რუსეთმა ჩემს ქვეყანას მოუწყო. ეს ის დღეა, როდესაც მოსკოვმა კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს სუვერენიტეტის წართმევა და ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ დავკარგე უახლოესი მეგობრები… მე იმ პერიოდში არმიაში არ ვმსახურობდი, საქართველოს შერეული ორთაბრძოლების (MMA) ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი. ვეტერანებმა კი დავიწყეთ მობილიზება, ბრძოლაში ჩართვის მიზნით, მაგრამ ხუთ დღეში დანაყოფის შექმნაც კი ვერ მოვასწარით. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მიცვალებულების გამოყვანა იყო… ძალიან მიჭირს იმ დღეების გახსენება… მას შემდეგ 17 წელი გავიდა, მაგრამ ჩემი ბრძოლა რუსული ტერორისტული არმიის წინააღმდეგ, არც ერთი წუთით არ შეჩერებულა. დღეს მე უკრაინის მიწაზე ვიბრძვი ქარველების და უკრაინელების საერთო მტრის წინააღმდეგ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ.