ნაყინის მწარმოებელი ბრენდი “თოლია” გაფართოებას განაგრძობს. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ BM.GE-ს განუცხადა, „თოლია“ წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი ფილიალის დამატებას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე „თოლიამ“ 4 ახალი ობიექტი – ბათუმში, ქობულეთში, გორში და თბილისში დაამატა. წლის ბოლომდე კი დედაქალაქსა და რეგიონებში კიდევ 3 ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილი.
“ობიექტების გახსნა დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, თუმცა კონკრეტულ ლოკაციების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. თითო ობიექტი 10-მდე ადამიანს დაასაქმებს, რაც შეეხება ინვესტიციას, თითოეული ობიექტი უხეშად 300 000 ლარის ინვესტიციას საჭიროებს. ანუ 3 ობიექტის გახსნისთვის დაახლოებით 900 000 ლარია განსაზღვრული”, – თქვა სანდრო ლომთაძე.
ინფორმაციისთვის, კომპანია “თოლია” ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს და ნაყინის დაახლოებით 60-მდე სახეობას აწარმოებს. „თოლიას“ სანაყინეების ქსელი ქვეყანაში 28 ობიექტითაა წარმოდგენილი თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
