შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რვა აგვისტოს ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.
მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და „მძინარე ჯო ბაიდენმა“ არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ.
„ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და [დაამყარებენ] დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტს“.
ტრამპმა მათ უწოდა „ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი“ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პერსონალური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება, – „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ – მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა.
„თქვენ ისტორიაში შეხვალთ“, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.
აზერბაიჯანი-აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ
· აზერბაიჯანი და აშშ ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რასაც მან ისტორიული დღე უწოდა;
· ალიევმა ასევე თვა, რომ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექციის გაუქმებას. ეს ჩანაწერი კრძალავდა შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას.
„დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანი და სომხეთი იპოვიან ძალას იმისთვის, რომ შერიგდნენ, ასევე ხალხი შერიგდნენ, ჩვენ გადავშლით ფურცელს დაპირისპირებიდან და სისხლისღვრიდან“, – განაცხადა მან.
შეხვედრაზე დადასტურა ყველა ის ცნობა, რასაც ამერიკული მედია წინსწრებით ავრცელებდა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან.
„ეს არის ძალიან დიდი რამ, რასაც მივაღწიეთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და მანაც გადაუხადა მადლობა დონალდ ტრამპს და ხაზი გაუსვა მის როლს.
ცერემონიალს ლიდერების გარდა, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ესწრებოდნენ:
· აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო,
· პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი,
· სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი;
· ალიევის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ჰიკმეთ ჰაჯიევი.
· რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი
