ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, ირანის ქალაქ კერმანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი ქვეყნის ქმედუნარიანმა სადაზვერვო სააგენტოებმა მოიპოვეს ძალიან კარგი ინფორმაცია კერმანში ტერორისტულ აფეთქებებში მონაწილე ელემენტებთან დაკავშირებით და ამ ინციდენტში მონაწილეთა ნაწილი დააკავეს“, – აღნიშნა მინისტრმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, ირანის ქალაქ კერმანში, ირანის ელიტური „ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც უამრავი ადამიანი სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, მისთვის პატივის მისაგებად, მსვლელობას მართავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა.
ირანმა მომხდარში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
დაღუპულების დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართა, სახელმწიფო ტელევიზია კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ შეკრებილი ადამიანები სკანდირებენ: „შურისძიება, შურისძიება!“