11-მდე გაიზარდა გამშვებ პუნქტ „დარიალში“ მოშიმშილე უკრაინელების რიცხვი

11-მდე გაიზარდა იმ მოშიმშილე უკრაინელების რაოდენობა, რომლებიც რამდენიმე კვირაა, საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „დარიალის“ სარდაფში იმყოფებიან. შიმშილობა მათ 5 აგვისტოს დაიწყეს.
მოშიმშილეები მოითხოვენ, რომ მათთან მივიდეს უკრაინის კონსული, განემარტოთ დაკავების მიზეზები, მიეცეთ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ან საერთაშორისო დაცვის მიღებაზე განაცხადების გაკეთების შესაძლებლობა, ჩაუტარდეთ სამედიცინო შემოწმება და შეწყდეს მათი, როგორც თავად აცხადებენ, უკანონო პატიმრობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მოშიმშილე უკრაინელებს ქართულ მხარესთან არ აქვთ მოთხოვნები და მათი მიზანია, რომ წითელი ჯვრისა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში.
დაახლოებით ორი თვე ან უფრო მეტია, რაც ათობით უკრაინელი საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვართან, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ („დარიალის“) პუნქტში ცხოვრობს. სძინავთ მორიგეობით, საქართველოს ნახევრად აშენებული ტერმინალის სარდაფში საწოლები არ ჰყოფნით.
რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 25 ივნისს წერდა, რომ დაყოვნების სივრცეში, რომელშიც ნესტიანი ბეტონი და მძიმე ჰაერია და თან ფანჯრები არ აქვს, სულ 16 საწოლი იყო. ამ საწოლებს 56 ადამიანი მორიგეობით ინაწილებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით 16 ივლისს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა „რუსთავი 2-მა” და „იმედმა“ გაავრცელეს „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის კომენტარი.
„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი.
როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში“, – თქვა მაშინ დარახველიძემ.
3 აგვისტოს უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა უარყო მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ იღებს 90 მოქალაქეს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. უკრაინის ხელისუფლების განმარტებით, ისინი სისტემურად მუშაობენ მოქალაქეების დაბრუნებაზე, იმ პირობით, თუ მოქალაქეობა დადასტურებულია.
ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, დან დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა შესაძლოა სექტემბრისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ფორუმი