„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ „ბიოდიზელ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს (MoU) მოაწერეა ხელი, რითაც ერთობლივ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანი ბიოდიზელის გამოყენებით, ნავსადგურის ნახშირბადის კვალის შემცირებაა. „რადიო კომერსანტთან“ საუბრისას შპს „,ბიოდიზელ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი, მურმან პატარაია აცხადებს, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია ირჩევს ეკომეგობრულ საწვავს. მისივე თქმით, ამ თანამშრომლობით შესაძლებელი ხდება გარემოზე მავნე ზიანის შემცირება და მისი მონიტორინგი.
„ბიოდიზელ ჯორჯია მეცხრე წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. ჩვენ ნარჩენებისგან ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა საწვავს ბიოდიზელს. ეს არის კარბონეიტრალური საწვავი, რომელიც წვისას არ გამოყოფს მავნე მინარევებს და თავიდან ბოლომდე არის ეკომეგობრული. თავის მხრივ, AP Terminals Poti არის პირველი საერთაშორისო კომპანია საქართველოში, რომელმაც თავისივე გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, რაც გულისხმობს ბიზნესის გამწვანების სტრატეგიას, გადაწყვიტა, რომ მისსავე ტექნიკებში დაიწყოს ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი ენერგიის, ანუ ბიოდიზელის გამოყენება. შესაბამისად, მოცემული მემორანდუმი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯია“ მიაწვდის ეკომეგობრულ საწვავს ერთ-ერთ ყველაზე მსხვის ლოგისტიკურ კომპანიას როგორიცაა AP Terminals Poti. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრეცედენტი არის მნიშვნელოვანი ძალისხმევა იმისაკენ, რომ მოახდინოს კომპანიამ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, რაშიც მას ბიოდიზელი დაეხმარება. შესაბამისად, მოხდება CO2-ის შემცირების შეფასება და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება და უკვე ერთობლივი მუშაობით მწვანე ტრანსფორმაციაზე გადასვლა“.- აღნიშნა მურმან პატარაიამ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიოდიზელის საწვავი ერთ-ერთ ყველაზე ეკომეგობრულ საწვავად ითვლება, რისი გამოყენებაც ევროპაში კანონის დონეზეა სავალდებულო. მურმან პატარაიას თქმით, ბიოდიზელის მთავარი უპირატესობები მრავალი მიმართულებით ვლინდება, მათ შორისაა, გარემოზე მავნე ზიანის შემცირება, ასევე ავტომობილის ძრავის მოფრთხილება და მისი სტაბილური მუშაობის ხელშეწყობა.
„ევროპაში ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე რომ გაჩერდეთ, თუკი თქვენი მანქანა დიზელის ძრავზეა დაინახვთ, რომ იქ საწვავში ბიოდიზელი არის 7%-ით შერეული. კანონმდებლობის დონეზე დარეგულირებულია ის, რომ ბიოდიზელი ჩვეულებრივ ნავთობ დიზელთან ბლენდირებული სახით გამოიყენებოდეს. ამ პროცესს განაპირობებს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი ეს არის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება და მეორე ეს არის ავტომობილის ძრავზე კონკრეტული დადებითი ეფექტის მიღება. ეს დადებითი ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად, ჩვეულებრივი ნავთობი არის ძალიან ხისტი და ის დროთა განმავლობაში ძრავს ყოველთვის აზიანებს, განსხვავებით ბიოდიზელისგან, რომელსაც აქვს ერთგვარი მარბილებელი ეფექტი, კერძოდ, ბიოდიზელის ძირითადი ნედლეული არის მეორეული მცენარეული საკვები ზეთები, რომელსაც გააჩნია უკეთესი უნარები პოხვის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ავტომობილის ძრავზე აქვს დამარბილებელი ეფექტი, რადგან მეტად პოხავს მას.
მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია აფეთქების ტემპერატურა. თუკი ჩვეულებრივი ნავთობდიზელის აფეთქების ტემპერატურა 50-მდეა, ბიოდიზელის შემთხვევაში აფეთქების ტემპერატურა მინიმუმ 90, მაქსიმუმ კი 130-ია, რაც მანქანის ძრავს უფრო მეტ ძალას მატებს. ასევე უნდა ვახსენოთ ცეტანის რიცხვიც. თუკი ცეტანის რიცხვი დიზელის ნაწილში 50-დან 56-მდე ვარირებს, ბიოდიზელს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს, რაც მის კალორიულობას უფრო მეტს აძლევს და ის უფრო უხვია მოხმარების დროს. სწორედ ესაა ის მიზეზები, რის გამოც ევროპამ აირჩია ნარჩენებისგან შეექმნა ბიოდიზელი და ის გამოეყენებინა შემდგომ პრაქტიკაში“. – აცხადებს მურმან პატარაია.
როდესაც გარემოზე მავნე ზიანის შემცირებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ, რომ ბიოდიზელის საწვავი ორი მიმართულებითაა ეფექტური. უფრო კონკრეტულად, იგი იქმნება შესაბამისი ნარჩენებისგან, რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაბინძურების დონეს ამცირებს, მეორეს მხრივ კი ქმნის ისეთ საწვავს, რომელიც მავნე ემისიების შემცირებისკენაა მიდრეკილი. მურმან პატარაიას თქმით, ამ ეტაპისთვის კომპანია 3 500-მდე ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენელთან თანამშრომლობს და ახორციელებს შესაბამისი ნარჩენების შეგროვებას.
„ჩვენი კომპანია 2017 წელს დაფუძნდა, რომელიც დაახლოებით 3 500-მდე ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენელთან თანამშრომლობს. ჩვენ ვაგროვებთ მეორეულ მცენარეულ საკვებ ზეთებს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესიდან. ეს არის ნარჩენი, რომელიც საჭიროებს უტილიზაციას, რადგან მოგეხსენებათ, რომ არ შეიძლება მისი გადაღვრა, ნიადაგში მოხვედრა და ასე შემდეგ. შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე სწორი გამოსავალი არის მოხდეს მისი გამოყენება ბიოდიზელისთვის. ჩვენ ვართ პირველი კომპანია ამიერკავკასიაში, რომელმაც დაიწყო ბიოსაწვავის წარმოება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვაგროვებთ ნარჩენებს და ამ ნარჩენებს გარდავქმნით კონკრეტულ პროდუქტად. პირველი წარმოება ეს იყო მანუალური საწარმო, ხოლო ახლა ვაშენებთ ვაზიანის ტერიტორიაზე ეგრედ წოდებულ “Green Hub”-ში უფრო დიდ საწარმოს და შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ ცხრა წლის განმავლობაში. ჩვენ ვართ ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს მართავს. ძირითადი საქმიანობა ბიოდიზელის წარმოებაა, მაგრამ გვყავს ასევე შვილობილი კომპანიები, რომლებიც მუშაობენ მინერალური ზეთების შეგროვების მიმართულებით, ბიოგაზის წარმოების კუთხით და ასე შემდეგ“.- აღნიშნავს მურმან პატარაია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ბიოდიზელ ჯორჯია“ წარმოებულ პროდუქტს ძირითადად ევროპის ბაზარზე ყიდის, ხოლო „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ აღნიშნული მემორანდუმი არის პრეცედენტი, რომ კომპანია ბიოდიზელს უკვე საქართველოშიც მიაწვდის სხვა კომპანიას.
