,,სასურსათო ინფლაცია ყოველთვის მაღალია, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი დაბალშემოსავლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხარჯებში ძირითადი წილი სურსათს უჭირავს”, – სოსო ბერიკაშვილი
საქსტატის თანახმად, ივლისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში 2023 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა.
ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10.4%-ით ზრდამ იქონია. ასევე ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი.
ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინფლაცია 4.3%-ია, სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა: ბოსტნეულზე 25.5% და ზეთსა და ცხიმზე 17%, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის გაცილებით მძიმედ იგრძნობა, რადგან მათი ძირითადი ხარჯი სწორედ საკვებია.
,,მიუხედავად იმისა, რომ გასული წლიდან ინფლაცია ზრდადია, მაღალი მაინც არ არის და 4.3%-ია. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა – როგორც ყოველთვის, სასურსათო ინფლაცია ყოველთვის გაცილებით მაღალია (10.4%) და იმ სურსათშიც მაგალითად ბოსტნეული გაძვირებულია 25.5%-ით და ზეთი და ცხიმი 17%-ით. ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დაბალშემოსავლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხარჯებში სურსათს უჭირავს ძირითადი წილი. შესაბამისად მათთვის ინფლაციის წნეხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალო 4.3%”,- აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
