2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტების ორ საერთო საქმეზე – რომლებშიც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებაზე დავობს და ჯამში 19 დემონსტრანტს ეხება – ბრალდების მხარემ, ანუ პროკურატურამ მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა.
საუბარია როგორც „თერთმეტეულის“, ისე „რვიანის“ პროცესებზე – ესე იგი, 11 და 8 დემონსტრანტის საქმეებზე.
„თერთმეტეულის“ საქმეზე ბრალდების მტკიცებულებების შესწავლა ბოლო სხდომაზე, 31 ივლისს დასრულდა, „რვიანისაზე“ კი – დღეს, 4 აგვისტოს.
ორივე საქმის მთავარი გამომძიებელი არის 33 არსენ ხუნაშვილი. მისი სამუშაო პოზიცია ასეთია:
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებელი.
8 დემონსტრანტს შორის სამს ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, დანარჩენებს მასში მონაწილეობას. მეორე „ჯგუფში“ მყოფ 11 ბრალდებულს კი ასევე მონაწილეობას ედავებიან.
სწორედ არსენ ხუნაშვილის გამოკითხვით დაასრულა ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლოში.
„მაინც მოვიგებთ ბოლოს, ხო იცით ბიჭებო”, – დარბაზში მყოფმა დამსწრეებმა 31 ივლისს ამ შეძახილით გააცილეს ბრალდებულები , რომლებიც ბადრაგებმა გაიყვანეს. 4 აგვისტოს სხდომაც უკვე დასრულდა.
ახლა ჯერი დაცვის მხარეზეა. მომდევნო სხდომებზე გამოიკვლევენ დაცვის მხარის მტკიცებულებებს და მოუსმენენ დაცვის მხარის მოწმეებს როგორც ერთ, ისე მეორე საქმეზე.
როგორც რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, არსენ ხუნაშვილმა 11 დემონსტრანტის საქმეზე არაერთი მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო წინადადება – „[ორგანიზატორებთან ბრალდებულების პირდაპირი კავშირი არ დასტურდება“.
მომდევნო სასამართლო სხდომა რვა დემონსტრანტის საქმეზე დაგეგმილია 7 აგვისტოს.
ამ სხდომაზე დაიწყება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა.
ყველაზე მეტი მოწმე ჰყავთ ადვოკატებს, დავით ჭიკაიძესა (ზვიად ცეცხლაძის) და გუჯა ავსაჯანიშვილს (რეზო კიკნაძის ადვოკატი).
სწორედ, მათი მოწმეების დაკითხვა დაიწყება მომდევნო სხდომაზე.
„რვიანის“ საქმეში ბრალდებულები არიან:
· ნიკოლოზ ჯავახიშვილი,
· თორნიკე გოშაძე,
· ირაკლი მიმინოშვილი,
· გიორგი გორგაძე,
· ინსაფ ალიევი,
· ზვიად ცეცხლაძე,
· ვეფხვია კასრაძე,
· ვასილ კაძელაშვილი.
ამ სიაში ბოლო სამს „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას“ ედავებიან.
„თერთმეტეულის საქმის“ ფიგურანტები კი არიან
· ანდრო ჭიჭინაძე,
· ონისე ცხადაძე,
· გურამ მირცხულავა,
· ჯანო არჩაია,
· ლუკა ჯაბუა,
· რუსლან სივაკოვი,
· რევაზ კიკნაძე,
· გიორგი ტერაშვილი,
· ვალერი თეთრაშვილი,
· სერგეი კუხარჩუკი
· ირაკლი ქერაშვილი.
8 დემონსტრანტს განსჯის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, ხოლო 11-ს – ნინო გალუსტაშვილი.
ფორუმი
