ადვოკატი – ვეფხია კასრაძეს სახელმწიფო ედავება ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელობას და ორგანიზებას, თუმცა კონკრეტული მტკიცებულები ვერ იქნა წარმოდგენილი

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ვეფხია კასრაძის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მტკიცებულებების წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა ვეფხია კასრაძის მიერ ჯგუფური დანაშაულის ხელმძღვანელობა ან დავალებების გაცემა.
ადვოკატის თქმით, დღეს დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ ამტკიცებს კასრაძის ბრალეულობას.
„დღეს დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარემ დღემდე ვერ შეძლო წარედგინა ის მტკიცებულები, რომლითაც დაადასტურებდა ქმედებას, რის ფარგლებში მას აქვს ბრალი წაყენებული. ვეფხია კასრაძეს სახელმწიფო ედავება ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელობას და ორგანიზებას, თუმცა კონკრეტული მტკიცებულები ვერ იქნა წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა მის უშუალო ხელმძღვანელობას ან იმას, რომ რამე დავალებებს გასცემდა.
დღეს, მთავარმა გამომძიებელმა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული მტკიცებულები არის უტყუარი და მან, როგორც გამომძიებელმა, აწარმოვა ობიექტური გამოძიება, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული გამოძიება ჩაატარა კანონდარღვევით. ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა“, – განაცხადა ადვოკატმა.