„მთავარი არხის“ ოფისში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან

უკვე ორ საათზე მეტია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან და არხის ხელმძღვანელობას და იურისტებს ხვდებიან.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უდასტურებს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნათია გოგსაძე, თუმცა, დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
4 აგვისტოს, ოფისში ის საკუთარი მასალების არქივის გადასაწერად მივიდა. ამბობს, რომ, ფაქტობრივად, დაცლილი ოფისში, სადაც მხოლოდ დაცვის თანამშრომლები მორიგეობენ, ხალხმრავლობის ხმა შემოესმა:
„მე დაახლოებით პირველ საათზე მოვედი. მალევე ხმა შემომესმა, გავედი გარეთ, დავინახე სამთავრობო მედიის წარმომადგენლები და დაცვას ვკითხე, რა ხდება-მეთქი. ჩემი ინფორმაციით, მოსულია პროკურორი, გიორგი ზუბიაშვილი და გამომძიებელი. როგორც ვიცი, ითხოვენ ფინანსურ დოკუმენტაციას. მეტი დეტალი, სამწუხაროდ, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ხვდებიან ხელმძღვანელობას და ვიცი ის, რომ კრიტიკული მედიის შევიწროების მეტი მათ არაფერი იციან“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ნათია გოგსაძე.
“მთავარი არხის” ვებსაიტმა 16 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია პროკურატურაში არხისა და მისი კონტრაქტორი გაყიდვების სახლის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად დაწყებული გამოძიების შესახებ.
ამ ტექსტის მიხედვით, პროკურატურამ გამოძიება არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო და არხის ფინანსებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის ამოღება მოითხოვა. გოგი ქურდაძე არხის თანადამფუძნებლებს და მენეჯმენტს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს.
“როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს.
სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა მიზნის მიღწევა და ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა ქვეყნის მთავარი კრიტიკული არხი. თუმცა, როგორც ჩანს, “მთავარ არხზე” ზეწოლა ამით არ ამოიწურა და რეჟიმი ისევ ოქუაშვილის ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას”, – ნათქვამია არხის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.
“მთავარმა არხმა” მაუწყებლობა მისი გახსნიდან 5 წლისა და 8 თვის შემდეგ, 2025 წლის 1 მაისს შეწყვიტა.
ფორუმი