უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს აკვირდება, განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, კლუნების ფონდი ყურადღებით დააკვირდება განაჩენს და გამოაქვეყნებს სამართლიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს სასამართლო პროცესს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში.
“ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისთვის სივრცის შემცირებასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების სიმბოლოდ იქცა, დღეს დასრულდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები წარმოადგინა.
ჩვენი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა, რომელიც საქმეს აკვირდებოდა, შეშფოთებულია მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებით და იმით თუ როგორ წარიმართა პროცესი.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ სამართლიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს სასამართლო პროცესს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში”, – Netgazeti-ს თანახმად, აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც სინდისის პატიმარმა დასკვნითი სიტყვა თქვა.
დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი არ გამოაცხადა და ის 6 აგვისტოსთვის გადადო.