სეზონის პიკში ვიმყოფებით და სასტუმროების დატვირთულობა 99,9%-ია – “რადარის” დამფუძნებელი

სეზონის პიკში ვიმყოფებით და სასტუმროების დატვირთულობა 99,9%-თან არის გათანაბრებული, – ამის შესახებ “რადარის” დამფუძნებელმა მაია მახათაძემ 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, „რადარის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა და განთავსების ობიექტების დატვირთულობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ დროისათვის „რადარის“ ქოლგის ქვეშ 5 სასტუმროა, მათგან 2 დაგეგმარების ეტაპზეა. შესაბამისად, ახლა გესაუბრებით იმ 3 მოქმედ სასტუმროს მაგალითზე. ამჟამად ვიმყოფებით სეზონის პიკში. ეს ნიშნავს, რომ „რადარის“ სასტუმროების დატვირთულობა 99,9%-ია“, – ამბობს მაია მახათაძე.

„რადარის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ სასტუმროებში სტუმრების გეოგრაფია საკმაოდ „ჭრელია“.

„სტუმრების სეგმენტი სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის, ეს დამოკიდებულია როგორც სასტუმროს ლოკაციაზე, ისე მის ბაზარზე პოზიციონირებაზე. „რადარი“ს ქოლგის ქვეშ არ არის პრემიუმ სასტუმროები, ყველა არის ბუტიკის ტიპის, კარგი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტის და ეს სასტუმროები იმდენად სწორად არიან პოზიციონირებულები, რომ რაც აქვთ დაგეგმილი და დაანონსებული და ასევე, როგორ სეგმენტზეც არიან მომართულები, ზუსტად ასეთ სეგმენტს მასპინძლობენ და შესაბამისად არც აქვთ იმედგაცრუება საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ანუ მათ ზუსტად იციან, რომელი ქვეყნებიდან ელოდებიან სტუმარს და როგორც აქვთ დივერსიფიცირება დალაგებული თავიდანვე, მიდიან სწორედ ამ გზით. შესაბამისად, ამ სასტუმროებში გვაქვს ჭრელი დატვირთულობა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ სად იმყოფება სასტუმრო და როგორია ბაზარზე მისი პოზიციონირება. ამიტომ ჩვენს შემთხვევაში არის აზიური შერეული ბაზარი, ასევე გვაქვს დსთ-ს ქვეყნებიდან განსაკუთრებული მატება და ასევე, ეკონომიურად ბაჯეტური ტიპის ევროპული ტურები გვაქვს“, – აცხადებს მახათაძე.
„რადარის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ტურისტების მიერ ერთ სასტუმროში გატარებული ღამეების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია.

„გვაქვს გრძელვადიანი ღამისთევები აპარტამენტის სტილის სასტუმროებში და 3-დან 4 ღამემდე გვაქვს ბუტიკურ სასტუმროებში. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ 3-დან 4-მდე ღამისთევა ძალიან ნორმალური და მისაღები რაოდენობაა საშუალო ჭრილში სასტუმროებისთვის. აპარტამენტში კი გვაქვს 5-7 ღამის ჭრილში ღამისთევების რაოდენობა, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია“, – ამბობს მახათაძე.